24 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული დარჩო ხეჩუაშვილი 8 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს - ის საქართველოში შემოსვლას მალულად, ოფიციალური საზღვრის ავლით ცდილობდა

8 წლიანი ძებნის შემდეგ ქართველმა სამართალდამცავებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი და გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული დარჩო ხეჩუაშვილი დააკავეს.

საქართველო-თურქეთის საზღვარი, კარწახის მონაკვეთი, მწვანე ზოლი - 8 წლის განმავლობაში ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლას სწორედ ამ გზით ცდილობდა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ის თავდაპირველად სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, ხოლო მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა შეაჩერეს, ვინაობის დამალვას შეეცადა.

რა მიზნით შემოვიდა საქართველოში ყოფილი დეპუტატის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც დაუსწრებლად 18 წლიანი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს - ეს ახლა გამოძიებისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. მოახლოებული არჩევნების ფონზე ისმის კითხვები პოლიტიკოსების მხრიდანაც, რადგან გივი თარგამაძეზე თავდასხმაც, 2016 წელს, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. შს სამინისტროში ხეჩუაშვილის საქართველოში შემოსვლის მოტივთან დაკავშირებით დღეს კონკრეტული არაფერი უთქვამთ. აღინიშნა, რომ ეს შემდგომი გამოძიების საგანია.

დარჩო ხეჩუაშვილს ამ ეტაპზე არ ჰყავს ადვოკატი. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა დღეს მიიღეს. მსჯავრდებულის მამა ამბობს, რომ 8 წელია შვილთან კონტაქტი არ ჰქონია, მის შესახებ არანაირი ცნობები არ მიუღია და არც ის იცოდა - იყო თუ არა ცოცხალი.

50 წლის დარჩო ხეჩუაშვილი ძალოვან სტრუქტურებში წლების განმავლობაში მუშაობდა. მათ შორის, იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, იგივე „კუდ“-ის თანამშრომელი. 2012 წლის შემდეგ მან საქართველო დატოვა და სხვადასხვა ცნობებით, რუსეთსა და უკრაინაში საქმიანობდა.

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძეზე განხორციელებული თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გამოძიებამ დაადგინა, რომ დეპუტატის მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ ხეჩუაშვილმა დაამონტაჟა და თავადვე აამოქმედა. იდენტიფიცირების მიუხედავად, ხეჩუაშვილმა ქვეყნის დატოვება მოახერხა.

გამოქვეყნდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, სადაც როგორც მისი მოქმედება, ასევე აფეთქების მომენტი ჩანს.

მასთან დაკავშირებული რამდენიმე მისამართიდან ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, დეტონაციისთვის საჭირო მოწყობილობები, 6 ხელყუმბარა, ცეცხლსასროლი იარაღები, 2 000-ზე მეტი ვაზნა და აფეთქების განსახორციელებლად საჭირო წერილობითი ინსტრუქციები.

იარაღის ნაწილი ხეჩუაშვილის ცოლის ძმის, ასევე ყოფილი სპეცრაზმელის, ბორის ჩაგუნავას სახლში იპოვეს, რომელსაც სასამართლომ 6 წლიანი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

გივი თარგამაძე და მისი მძღოლი თავდასხმას იმის წყალობით გადაურჩნენ, რომ ძლიერი აფეთქების ტალღა ავტომობილის უკანა მხარეს იყო მიმართული. ხალხმრავალ ადგილზე მომხდარი აფეთქების შედეგად სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები 7-მა ადამიანმა მიიღო.

დღის ამბები