რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალის ქმარი, ვლადისლავ ბაკალჩუკი რუსეთის უმსხვილესი ინტერნეტ მარკეტის ოფისში გამართული სროლის შემდეგ დააკავეს, მას მკვლელობა ედება ბრალად. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ინტერნეტ მაღაზია Wildberries-ის ოფისში გამართული სროლის შედეგად 2 პირი დაიღუპა. სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის გაყოფასთან დაკავშირებით გამართული დიალოგი დაპირისპირებაში გადაიზარდა. სროლის შედეგად კიდევ 7 პირი დაიჭრა, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლები.
ვლადისლავი და მისი მეუღლე ტატიანა ბაკალჩუკი, რომლებმაც განქორწინების შესახებ ივლისში გამოაცხადეს, საჯარო დაპირისპირებაში არიან მას შემდეგ, რაც Wildberries-მა სარეკლამო ფირმა Russ Group-თან შერწყმის შესახებ გამოაცხადა.
ტატიანა ბაკალჩუკმა Wildberries-ი, 2004 წელს დააარსა და ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიიდან რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პლატფორმად აქცია, სადაც ყველა სახის პროდუქტი იყიდება.