24 ნოემბერი 2024,   09:13
ვრცლად
"ასეთი სასაცილო გადაწყვეტილებები აზიანებს თავად სანქციის დამწესებელს" - მამუკა მდინარაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქისთვის, მათ შორის, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას "ქართული ოცნება" ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ვაშინგტონის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ქართველ ხალხზე ზეგავლენის მოხდენისა და არჩევნებში ჩარევის მცდელობად შეაფასა.

"როგორც ჩანს, არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში - ამერიკის შეერთებული შტატებში, რომ ამ გავლენების შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს - ოღონდ, არ გვეუბნებიან, ვინ და ვინ. ამჯერად, ფინანსური სანქციები დააწესეს რამდენიმე პირზე - გაურიეს, ერთმანეთში არიელს "ალტ ინფოს" წარმომადგენლები და პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის, ერთის მხრივ, პოლიციის შეურაცხყოფა, მეორეს მხრივ, ინსტიტუტის შეურაცხყოფა და მესამე მხრივ - არის ქართველი ხალხის არჩევანსა და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა.

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვეს, რომ 30 ადამიანი დავასანქცირეთო? ერთადერთი რამ შეიცვალა - არჩევნები მოახლოვდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავს - შეიძლება კიდევ უფრო მძაფრ, სხვადასხვა რეაქციებს განცხადებების სახით.

ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი სასაცილო გადაწყვეტილებები აზიანებს თავად სანქციის დამწესებელს და მასთან დაკავშირებულ აღქმებს საქართველოში. ასეთი განცხადებები, ასეთი მოქმედებები და ჩარევის ასეთი პრეცედენტები თუ კიდევ იქნება, და ალბათ იქნება, ეს ჩვენ აღარაფერს დაგვაკლებს; ოპოზიციისთვის იქნება ხავსი, გახავსდა უკვე, მაშველი რგოლი ე საღარ არის," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

დღის ამბები