24 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
გახდება თუ არა, მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს წევრი" - გაერთიანებაში მისი გაწევრიანების შესახებ კითხვები, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს შემდეგ გაჩნდა

გახდება თუ არა, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს წევრი" - ”კურიერის” შეკითხვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვა. "რუსთავი 2-ის" არაერთი მცდელობის მიუხედავად, მარგველაშვილმა ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.

კონკრეტულ საუბარს ერიდებიან კოალიცია "ძლიერ საქართველოშიც", რომლის ლიდერებსაც გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ. მაგალითად, ანა დოლიძე ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს და საკითხი დღის წესრიგშიც არ დგას, თუმცა, სალომე სამადაშვილი, პირიქით, გვეუბნება, რომ მარგველაშვილი მათი პოტენციური პარტნიორია.

გაერთიანებაში გიორგი მარგველაშვილის გაწევრიანების შესახებ კითხვები სოციალურ ქსელში, კოალიციის ერთ-ერთი წევრის მიერ გავრცელებული ფოტოს შემდეგ გაჩნდა. ირაკლი კუპრაძემ სურათი წარწერით ”წინ მხოლოდ გამარჯვებაა” გუშინ ატვირთა - ფოტოში ასევე არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით გამყრელიძე.

მედიის შეკითხვას კოალიციაში მარგველაშვილის შესვლასთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე არჩევნებში ზღვარის გადალახვას ვერ შეძლებს.

ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მცდელობები უშედეგო იქნება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნებისმიერი ფორმით გაერთიანება ოპონენტებს რეიტინგს ვერ შემატებს და პირიქით, საზოგადოების ნდობაზე ნეგატიურად აისახება.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შემადგენლობაში ამ ეტაპზე ლელო, ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე და ლევან ცუცქირიძე ერთიანდებიან. შეუერთდება თუ არა მათ გიორგი მარგველაშვილი, ჯერ უცნობია.

დღის ამბები