27 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
რა წერია უმძიმეს ჩვენებაში, რომელშიც ცნობილმა სპორტსმენმა დანაშაული აღიარა - საქართველოში ბოლო სიკვდილმისჯილმა დახვრეტა თავად მოითხოვა

არსებობს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, რის გამოც 1994 წლამდე ადამიანებს საქართველოში სიკვდილით სჯიდნენ. დახვრეტა ჩანაცვლდა უვადო პატიმრობით. დღევანდელი კანონმდებლობით, დამნაშავეებს, რომლებსაც უმძიმეს დანაშაულში სდებენ ბრალს, სამუდამოდ ციხეში უწევთ ყოფნა. საქართველოს მართლმსაჯულების არქივი კი უამრავ მძიმე ამბავს ინახავს.

დუშეთში, დღემდე უჭირთ გაიხსენონ 1988 წელს მომხდარი სასტიკი დანაშაული. ახალგაზრდა მამაკაცმა, ცნობილი სპორტსმენმა თამაზ ნამგალაურმა არასრულწლოვანი ბიძაშვილი გააუპატიურა, გაგუდა და ცხედარი ამავე სახლის ეზოში დამარხა.

მაშინდელი გამომძიებელი იხსენებს, როგორ გახსნა საქმე და აღმოაჩინა საცხოვრებელი სახლის ეზოში 11 წლის გოგონას ცხედარი. მსხვერპლი გოგონას მშობლები გარდაიცვალნენ, თუმცა მეზობლებსაც ამ დრომდე ახსოვთ მომხდარის დეტალები.

სოფელს დამნაშავის ჩაქოლვის უფლება არ მისცეს, ის სასამართლოში გასამართლდა. აღიარებითი ჩვენება კი გაზეთებში დაიბეჭდა.

"ოჯახთან ერთად დუშეთში უნდა ავსულიყავი, სახლიდან გამოვედი. რამდენიმე კათხა ლუდი დავლიე და მარტო წავედი. ეზოში ჩემი ბიძაშვილი, დათო დავინახე. ის ბოსტნის გაწმენდაში დამეხმარა. არაყი დავლიეთ, მერე ვუთხარი, შენი და მოიყვანე, ჩემებიც ამოვლენ და ბავშვები ერთად ითამაშებენ-მეთქი.

დათომ თავისი და მოიყვანა. მერე ის ავტობუსების გაჩერებაზე გავგზავნე ჩემების შესახვედრად. მე გოგონა ხელში ავიყვანე, ოთახში შევიყვანე, ლოგინზე დავაწვინე, რომ არ ეყვირა. ერთი ხელი ცხვირ-პირზე დავაფარე, მეორე ხელი ყელში წავუჭირე და გავგუდე, მერე გავაუპატიურე, მერე ჩანთაში ჩავტენე, სახლიდან გავიტანე და იქვე მიწაში დავმარხე," - ამბობდა ბრალდებული აღიარებით ჩვენებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდება უმძიმესი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯას არ მოითხოვდა, ეს თავად ბრალდებულმა მოითხოვა.

"მე ახლა 31 წლის ვარ. თუ არ დამხვრეტენ და 15 წლის შემდეგ გამოვალ ციხიდან, სად არის იმის გარანტია, რომ ხელახლა არ ჩავიდენ იმავე დანაშაულს. ამიტომ გთხოვთ, ჩემ მიმართ გამოიყენოთ სასჯელის განსაკუთრებული ზომა," - განაცხადა ბრალდებულმა.

მოსამართლემ უმაღლესი სასჯელი დაადგინა - მოჭიდავეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების ნომერ მეხუთე დაწესებულებაში აღსრულდა. საბჭოთა საპატიმროს ის შენობა უკვე დანგრეულია, სად და როგორ აღასრულებდნენ სიკვდილმისჯილთა განაჩენს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმშია აღწერილი.

სპორტსმენის საქმესთან დაკავშირებული ხმაური მისი დახვრეტით არ დასრულებულა,გამოჩნდნენ ადამიანები, როლებიც დახვრეტილს სხვა მსგავს დანაშაულებებს მიაწერდნენ. იმასაც წერდნენ, რომ ის სიკვდილით არ დაუსჯიათ და საზღვარგარეთ გააპარეს. მიუხედავად ეჭვებისა, დამნაშავე სპორტსმენი არც ახლობლებთან და არც დიდ სპორტში გამოჩენილა. მისი სახელი კი ისტორიას შემორჩა, როგორც ერთ-ერთი უკანასკნელი სიკვდილმისჯილი, სასტიკი მკვლელი ჩემპიონი.

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა კი საქართველოში 1994 წელს გაუქმდა და უვადო პატიმრობით შეიცვალა.

დღის ამბები