27 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
ომი, ენერგოკრიზისი, პანდემია, სტიქიური მოვლენები​ და უხერხული სიტუაციები - როგორი იყო მსოფლიო  2022 წელს 

ირაციონალური ომის 311- დღე, შეცვლილი მსოფლიო და შეცვლილი პოლიტიკური წესრიგი - რუსული აგრესიის ფასს უკრაინა სისხლით, მსოფლიო საკუთარი ეკონომიკით იხდის.

1945 წლის შემდეგ, სამყარო არასოდეს ყოფილა მესამე მსოფლიო ომის დაწყებასთან ასე ახლოს. პირველად ათწლეულების შემდეგ, გაჩნდა ბირთვული ომის საფრთხე.

ცივილიზებული სამყარო ატომური კატასტროფის წინაშე დადგა. ომი იარაღით და ომი გაზით, ნავთობით, მარცვლეულით - ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად იზრდება ,70-იანი წლების შემდეგ, კონტინენტს მსგავსი მასშტაბის ენერგო კრიზისი არ ახსოვს.

პირველად, ევროპა ცივ ზამთარს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გრაფიკით, დათბილული ტანსაცმლით და გამათბობლებით ხვდება.

მასშტაბური ენერგოკრიზისის გამო, ევროპამ წელს ტრილიონი დოლარით იზარალა.

2022 წელს პანდემია დასრულდა, თუმცა დაიწყო ინფლაციის პანდემია. საბერძნეთი, საფრანგეთი, გერმანია - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი ხელფასების ზრდასა და ფასების შემცირებას ითხოვს.

ბოლო ათწლეულის ყველაზე სისხლიანი გამოსვლების ადგილი კი ირანი იყო. ჰიჯაბის საჯაროდ დაწვა და თმების მოჭრა - ირანის პროტესტის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ყველაფერი კი 22 წლის მაჰსა ამინის დაღუპვას მოყვა, რომელიც მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის სასიკვდილოდ სცემა. გოგონას გარდაცვალებამ პირველად ირანის ისტორიაში - ისლამური რევოლუციის გვარდიის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, საზოგადოების თითქმის ყველა ნაწილი გააერთიანა. სასტიკი დიქტატურის დასაგმობად გაიფიცა სკოლები, უნივერსიტეტები, დაიხურა მაღაზიები. ირანის საფეხბურთო ნაკრებმა კი მსოფლიო ჩემპიონატზე უარი თქვა ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე. არაოფიციალური ცნობებით, რეპრესიებს 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პროტესტის ტალღა მთელს მსოფლიოს გადაედო.

მასშტაბური კონფლიქტის, ესკალაციის კიდევ ერთი ცხელი წერტილი წელს შესაძლოა ტაივანი გამხდარიყო, სადაც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. პელოსის ტურნემ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. მთელი მსოფლიო შეშფოთებული ელოდა პელოსის ვიზიტის შედეგებს

ორი ჩინური ავიამზიდი ზღვაში გავიდა, პეკინის მუქარების ფონზე, კი ტაივანმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.

"ასტალა ვისტა ბეიბე" - ასე დაგვემშვიდობა ბორის ჯონსონი. ბრიტანეთის პრემიერს თანამდებობის დატოვება მის გარშემო აგორებული სკანდალების და მინისტრთა კაბინეტის წასვლის გამო მოუხდა. ჯონსონი მალევე ჩაანაცვლა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ბრიტანეთის ყველაზე მოკლევადიანი პრემიერი.

ზუსტად ერთ თვეში, ტრასი რიში სუნაკმა ჩაანაცვლა და ამ მოცემულობით პირველად ბრიტანეთის ისტორიის განმავლობაში პრემიერის პოსტი ყველაზე ახალგაზრდა ინდური წარმოშობის მულტიმილიონერმა დაიკავა. ნლიზ ტრასი იყო ის ბოლო პრემიერ-მინისტრი, რომელიც დედოფალმა აკურთხა.

ბრიტანეთი წელს მონარქს დაემშვიდობა. ელისაბედ მეორემ 70 წლის მანძილზე ატარა დიდი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინი და ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობით ყველა წინაპარს გაუსწრო. დედის გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ტახტი პრინცმა ჩარლზმა დაიკავა.

გამორჩეული იყო 2022 სტიქიური მოვლენებითაც, წყალდიდობები, ქარიშხლები, ცუნამები, მიწისძვრები, ხანძრები, კლიმატის ცვლილების მძიმე შედეგები მილიონობით ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა.

მძიმე მოვლენების ფონზე იყო უხერხული მომენტებიც. წელს ყველაზე ბევრჯერ მედიის ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოხვდა. დასამახსოვრებელი იყო ნატოს სამიტზე ერდოღანის და ბორის ჯონსონის უხერხული მისალმება.
 
კამერებს არც ერდოღანისა და ალიევის სპორტულ ცენტრში ვიზიტი გამოპარვია, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქი კოლეგის ხუმრობა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და შტანგა აწია.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე ბრიჯიტი, რომლებიც ნიუ ორლეანში ვიზიტის დროს ააცეკვეს - ეს მსოფლიო 2022-ია. სამყარო ახალი გამოწვევების, პრობლემების, საფრთხეების, კრიზისების დაძლევის მოლოდინშია, სრულიად ცივილიზებული საზოგადოება პირველ რიგში უკრაინაში ომის დასრულებას და მშვიდობა ელის.

 

დღის ამბები