27 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
63 ქალაქი და დაბა ბაკურიანი - ახალი წლის აღნიშვნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

63 ქალაქი და დაბა ბაკურიანი - საქართველო ახალი 2023 წლის აღსანიშნავად ემზადება. წინასაახალწლო ღონისძიებები დღეს 6 მუნიციპალიტეტში გაიმართა. კახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი მაღალმთიანი აჭარა და თიანეთი - დილიდან ყველა რაიონში ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და მომღერლები ადგილობრივებს სხვადასხვა საახალწლო პროგრამას სთავაზობდნენ. თუმცა, ახალი წლის დღეების აღნიშვნა რეგიონებში და დედაქალაქში ამით არ დასრულებულა. 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ახალი წლის დღეებს განსხვავებულად შეხვდნენ, მათ შორის საკუთარი ნაწარმი საშობაო ბაზრობებზე გაიტანონ.

2023 წლის მოახლოება დედოფლისწყაროში იზეიმეს - კულტურის სახლის ეზოში მოეწყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი ხელნაკეთი ნივთებიც გამოფინეს. სტუმრებს წინასაახალწლო ღონისძიებაზე საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და სპეციალურად მოწყობილი სამახსოვრო ფოტოებისთვის გადასაღები ადგილები დახვდათ. ტერიტორიაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცე მოეწყო. თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრებიც დაურიგა.

წინასაახალწლო ღონისძიებებს შეუერთდა მარნეული. ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მთელი დღის განმავლობაში ყველა ასაკზე გათვლილი სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობდა. საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, საშობაო ბაზრობა და მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები - ახალი წლის მოახლოება მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ აღნიშნა.

საშობაო ორკესტრის მსვლელობით გაიხსნა საახალწლო ღონისძიებები სამტრედიაში - ქალაქის ცენტრალურ პარკში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცეები, საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები - საახალწლო პროგრამაში ყველა ასაკის ადამიანი მონაწილეობდა.

სადღესასწაულო განწყობა იყო მთელი დღის განმავლობაში ვანში და ხულოში. ახალი წლის მოსვლა ბავშვებს ზღაპრის გმირებმა მიულოცეს. რეგიონებში მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები. გამოიფინა ადგილობრივების ნაწარმიც.

თიანეთში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან დღეს უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. დამონტაჟდა საახალწლო ინსტალაციები და დეკორაციები. საშობაო ბაზრობა, საბავშვო სივრცეები, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, - 2023 წლის შემობრძანებას თიანეთში საახალწლო განწყობით დახვდნენ.

ახალი წლის აღნიშვნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. "ახალი წლის დღეები საქართველოში"  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ტარდება, რომელმაც უკვე ტრადიციული სახე მიიღო. წინასაახალწლო ღონისძიებები საქართველოს 63 ქალაქში 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. წელს ღონისძიებებს დაბა ბაკურიანიც უერთდება. თითოეული დღე კონცერტით და ფოიერვერკით სრულდება.

დღის ამბები