27 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ვინ ცდილობს მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაციას - ეს საკითხი მმართველი პარტიასა და პრეზიდენტს შორის პოლიტიკური დაპირისპირების მორიგი მიზეზია

ვინ ცდილობს მართლმსაჯულბის სისტემის დისკრედიტაციას?! საკითხი მმართველი პარტიასა და პრეზიდენტს შორის პოლიტიკური დაპირისპირების მორიგი მიზეზია. კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, ”ქართული ოცნებისთვის” პიროვნულ თავდასხმაზე მეტია. პრეზიდენტის პოზიცია სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლად შეფასდა. ითქვა რომ მიუხედავად იმისა, რომ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში უვადოდ დიდ ხნის წინ დაინიშნენ- სალომე ზურაბიშვილის უკმაყოფილება თემამ მისი პრეზიდენტობის მეოთხე წელს გამოიწვია.

პრეზიდენტს დღეს, მისი განცხადების ერთ-ერთმა ადრესატმაც უპასუხა. ლევან მურუსიძე ზურაბიშვილს ინსტიტუციის შეურაცხყოფაში სდებს ბრალს. მურუსიძე დარწმუნებულია, რომ მართლმსაჯულების სისტემას შესაბამისი რეაგირებაც ექნება.

სასამართლო სისტემის მიმართ სალომე ზურაბიშვილის მიდგომა ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერილია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის პრეზიდენტის განცხადება თავდასხმად არ შეფასებულა. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ რომ სასამართლო სისტემაში კონკრეტული მოსამართლეების ყოფნა საფრთხეს ქვეყნის ევროპულ მომავალსაც უქმნის.

კონკრეტულ მოსამართლეების კრიტიკა ქართული ოცნების ყოფილი წევრებისთვის და ასევე სალომე ზურაბიშვილის ყოფილი თანამოაზრეებისთვის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა. ”ხალხის ძალა” მოქმედი მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის მცდელობაზე საუბრობს.

სალომე ზურაბიშვილის შეცვლილმა რიტორიკამ ”ქართულ ოცნებაში” ეჭვები გააჩნია. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ”ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულების ცვლილებას შესაძლოა კონკრეტული მიზეზი ქონდეს.

"ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებას შეთქმულების თეორია უწოდეს ”ნაციონალურ მოძრაობაში”. ოპოზიციურ პარტიაში პრეზიდენტზე ზეწოლის მცდელობაში თავად სახელისუფლებო გუნდს სდებენ ბრალს.

მართველი პარტიის, ოპოზიციის და პრეზიდენტის პოლიტიკური თანაცხოვრების მომავალს ახლა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის საკითხი გადაწყვეტს. კითხვაზე პასუხი შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე ბუნდოვანია.

დღის ამბები