27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
გმირების ქალაქი ახალ წელს იმედით ხვდება, იმედით, რომ რუსული ოკუპაცია მალე დასრულდება - სწორედ გამარჯვებას ჰპირდებიან თანაქალაქელებს ფრონტზე მყოფი მარიუპოლელი მებრძოლები

ომის 310 დღე, დანგრეული ქალაქები, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები და გადარჩენილი უკრაინელები, რომლებიც ახალ წელს დენისა და სითბოს გარეშე ხვდებიან, თუმცა საახალწლო განწყობა ერმა, რომელიც საოკუპაციო ძალას ებრძვის, მაინც შეინარჩუნა. ნაძვის ხეები დგას ყველგან, მათ შორის იქ, სადაც წუთში ერთხელ რუსული ჭურვები სკდება. საახალწლო სუფრა ღარიბი, მაგრამ ტრადიციულია, ბორში და შავი პური.

მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყების დღიდან ბრძოლა არ შეწყვეტილა ახალი წლის შესახვედრად ემზადება ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქი ბახმუტიც. ადგილობრივები თითქმის აღარ დარჩნენ, ისინი კი, ვინც საკუთარი სახლის დატოვება არ ისურვეს 2023 წელს უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ხვდებიან. ჯარისკაცის ულუფა, რამდენიმე კანფეტი და თავზე დასამაგრებელი ფრანი - ასეთია ბახმუტში მცხოვრები ბავშვების ახალი წელი.

მიუხედავად ინტენსიური დაბომბვებისა, ახალი წლის შესახვედრად ემზადება უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქიც - ხარკოვში. უკრაინელი მომღერლები ადგილობრივებისთვის კონცერტს მეტროს გვირაბებში გამართავენ.

ოჯახისგან შორს, ფრონტის წინა ხაზზე ჯარისკაცები 2023 წლის შესახვედრად ემზადებიან. იქ ნაძვის ხე, საახალწლო დეკორაციები და საბრძოლო იარაღი შეუსაბამოა. ახალ წელს ერთად შეხვდებიან, სურვილი კი ერთია - ბოროტებაზე გამარჯვება.

სანტა ჩაფხუტით, იარაღითა და ჯავშანჟილეტით ბახმუტის ქუჩებში დადის - უჩვეულო აღჭურვილობით უჩვეულო გარემოში. ომის ყველაზე ცხელ წერტილში დარჩენილმა ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს, მსოფლიოს კი თავშესაფრიდან ოცნება გაუმხილეს, რომლის ასრულებასაც 2023 წელს ელოდებიან.

მეტროსადგურები ყველაზე უსაფრთხო ადგილია, ამიტომ უკრაინის ბევრ ქალაქში 2022 წლის მთავარი ნაძვის ხეები სწორედ თავშესაფრებში დადგეს. სპექტაკლები, თოვლის ბაბუები და კონცერტები - ხარკოვში, მიწის ქვეშ საახალწლო განწყობა მაინც ამაღლებულია. 31 დეკემბრის ღამეს აქ გალა-კონცერტსაც გეგმავენ.

გამორჩეულია უკრაინის დედაქალაქის მეტროში დადგმული ნაძვის ხე, რომლის გასანათებლად მოქალაქეების ძალისხმევაა საჭირო.

კიევში მიწის ზევითაც საზეიმო განწყობაა. მტრედები-მშვიდობის სიმბოლო და განათებები სახელმწიფო დროშის ფერებში - ამ ფორმით ჩაიფიქრა უკრაინამ 2023 წლის მთავარი სურვილი.

ნაძვის ხეები და საახალწლო დეკორაციები კიეველებს სახლშიც აქვთ, მაგრამ ვერ ანათებენ. რუსულმა რაკეტებმა ისინი ელექტრო ენერგიის გარეშე დატოვა. ასე გაჩნდა უკრაინელი ბავშვების მეორე სურვილი - ახალ წელს განათებულ ნაძვის ხეებთან შეხვდნენ.

ომს არ სწირავენ სადღესასწაულო განწყობას, ბოროტებაზე გამარჯვებას კი სხვადასხვა გზით ცდილობენ. ხმელნიცკში რუსული რაკეტა ახლა საშიშად აღარ გამოიყურება.

ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს მიკოლაევის ცენტრში. იქ მოქალაქეებმა კამუფლაჟს სხვა დანიშნულებაც მოუძებნეს. უსაზღვრო შრომის შედეგით კი ყველა კმაყოფილია.

ოკუპაციის მძიმე პერიოდის დავიწყებას ცდილობენ ბუჩაში. ქალაქში, რომელიც საოკუპაციო ძალებმა სასაკლაოდ აქცია, ყველაზე კარგად იციან, როგორი მნიშვნელოვანია მშვიდობა.

ისევ ოკუპირებულია მარიუპოლი - გმირების ქალაქი, რომელმაც მსოფლიოს რუსეთის სისასტიკე და უკრაინელების განსაკუთრებული თავდადება აჩვენა.

დრამატული თეატრის წინ, იქ, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე რუსულ რაკეტებს ემსხვერპლა, კრემლმა ახლა ნაძვის ხე დადგა და მშვიდობის სიმბოლოებით - მტრედებით მორთო. საკვების რიგში საათობით მდგარი მოქალაქეები, ქალაქის ცენტრში კი საახალწლო კონცერტი - ამ ორ, რადიკალურად განსხვავებულ რეალობაში ხვდება 2023 წელს მარიუპოლი.

გმირების ქალაქი ახალ წელს იმედით ხვდება, იმედით, რომ რუსული ოკუპაცია მალე დასრულდება. სწორედ გამარჯვებას ჰპირდებიან თანაქალაქელებს ფრონტზე მყოფი მარიუპოლელი მებრძოლები.

დღის ამბები