27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
"ხალხის ძალა" საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას ასრულებს, რომელიც საქართველოში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ეხება

"ხალხის ძალა" საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას ასრულებს, რომელიც საქართველოში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ეხება. კანონპროექტის მიხედვით, შესაბამის სუბიექტებს ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. პროექტი მათი თქმით, უკვე არსებულ ამერიკულ პრაქტიკას ეფუძნება. ინიციატორების განმარტებით, შეიქმნება უცხოური აგენტების რეესტრი, სადაც რეგისტრაცია მოუწევთ იმ ენჯეოებს, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენენ გავლენას.

კანონპროექტი ჯერ ინიცირებული არ არის, ოპოზიცია შინაარსს არ იცნობს, თუმცა წინასწარვე ამბობენ, რომ ინიციატივას მათი მხარდაჭერა არ ექნება. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამტკიცებს, რომ პროექტი რუსული მმართველობის სისტემას ჰგავს და ის ქვეყანაში არასამთავრობო სექტორს შეზღუდავს.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ოპოზიცია ფაქტებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესით აფასებს. მათთვის გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის ამერიკული პრაქტიკის დანერგვა საქართველოშიც. "ხალხის ძალაში" განმარტავენ, რომ სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირება ორგანიზაციის საქმიანობის არც აკრძალვას და არც შეზღუდვას არ ნიშნავს. მათი თქმით, მიზანი საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.

ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობა დარეგისტრირებას ავალდებულებს ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელიც შტატებში უცხოელი დირექტორატის უფლებამოსილებით და ფინანსებით საქმიანობს, პარალელურად კი მონაწილეობს პოლიტიკურ აქტივობებში უცხოელი ოფიციალური პირის ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ სუბიექტებს ფინანსური დეკლარაციების წარდგენა ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ევალებათ, რაც ამერიკაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი პირველად შტატებში 1938 წელს გაჩნდა. მას შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა. მათ შორის 1966 წელს, როდესაც შეიცვალა აღსრულების მექანიზმი და მეტი ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ჯარიმების დაკისრებასა და აქტის შესრულების ნებაყოფლობითობაზე.

ექნება თუ არა ამ რეგულაციის ქართულ ანალოგს "ქართული ოცნების" მხარდაჭერა, ჯერ არ კონკრეტდება. მიუხედავად იმისა, რომ ფრაქციის წევრები ინიციატივის წინააღმდეგი არ არიან, ამბობენ, რომ ჯერ კანონპროექტის შინაარსს უნდა გაეცნონ.

"ხალხის ძალა" პარლამენტში კიდევ ერთი პროექტის ინიცირებას გეგმავს. საუბარია საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს.

დღის ამბები