27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
სააკაშვილს იანვრიდან მნახველების მიღება ეზღუდება -გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელიც აქამდე დეპუტატებისთვის მსგავსი ვიზიტებისთვის ნებართვებს გასცემდა

"ვივამედის" კლინიკაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს იანვრიდან მნახველების მიღება ეზღუდება - პარლამენტის დეპუტატები ყოფილ პრეზიდენტთან შესვლას ვეღარ შეძლებენ. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელიც აქამდე მსგავსი ტიპის ვიზიტებისთვის ნებართვებს გასცემდა.

შალვა პაპუაშვილმა ეს გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრის წერილის შემდეგ მიიღო, რომელმაც პარლამენტს 27 დეკემბერს მიმართა. რატი ბრეგაძე საკუთარ მიმართვაში წერდა, რომ პენიტენციური სამსახური სააკაშვილის უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, ზომებს ამკაცრებს და სწორედ ამიტომ, უწყება ზომების გამკაცრებისკენ ნებართვების გაცემის ნაწილში პარლამენტსაც მოუწოდებდა.

იზოლაციაში მოქცევა და ფსიქოლოგიური გატეხვა - სააკაშვილის დედა ფიქრობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება სწორედ ამ ორი მოტივით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ თავად გიული ალასანიას შეზღუდვა არ ეხება, მისთვის პაპუაშვილის პოზიცია, გაუგებარია.

გიული ალასანიას მსგავსად ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის პარტიაც, რომლის დეპუტატი წევრებიც შალვა პაპუაშვილის ნებართვის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილს "ვივამედის" კლინიკაში ხშირად სტუმრობდნენ. ფრაქციის თავმჯდომარე, რომელმაც პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებიდან მალევე საკანონმდებლო ორგანოში სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა, მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ეს პოზიცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს.

"ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებულია სხვა დეპუტატთა შეფასებები. გირჩი" ფიქრობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ამისკენ თავად სააკაშვილის პარტიამ უბიძგა, "მოქალაქეები" კი ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ, პაპუაშვილის პოზიცია ლოგიკურიცაა.

საპარლამენტო უმრავლესობა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას სააკაშვილის უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხსნის, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მათი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მოწამვლის საკითხი ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია. პარლამენტის წევრები ფიქრობენ, რომ სპიკერი სწორად მოიქცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ 2021 წლის 3 ოქტომბრიდან მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით, დეპუტატებზე 228 ნებართვა გასცა. შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება 3 იანვრიდან ამოქმედდება, 2 იანვრამდე გაცემული ნებართვები კი კვლავ ძალაში რჩება.

დღის ამბები