სასჯელის გადავადების მორიგმა სხდომამ დღეს, მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩაიარა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოფილი პრეზიდენტი პროცესს დისტანციურად ვერ დაესწრო. მოსამართლემ სხდომა სწორედ ამ საკითხის განმარტებით გახსნა და მხარეებს კლინიკიდან მიღებული წერილიც გააცნო, რომელსაც ხელს თავად სააკაშვილიც აწერდა.
პროცესი დღესაც მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. ამჯერად კითხვებს ექსპერტ-ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა უპასუხა, რომლის აზრითაც მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით მოწამლეს. ამერიკელმა ექსპერტმა თქვა, რომ ექსპრეზიდენტს მკურნალობისთვის საზღვარგარეთ, სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება. პენიტენციური სამსახურის კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობს დევიდ სმიტი, რომ საქართველოში მსგავსი მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია, ექსპერტს კონკრეტული აღარაფერი უთქვამს. დღესვე, სასამართლოზე "ვივამედის" ექიმიც გამოიკითხა, რომელმაც სააკაშვილს მძიმე პაციენტი უწოდა.
დევიდ სმიტის გარდა, სასამართლომ უკვე გამოკითხა მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩართული კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტი, ერიკ გოლდსმიტი, რომლის დასკვნაც ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე პოლიტიკოსთა ნაწილმა ეჭვქვეშ დააყენა, მათ შორის, მმართველმა პარტიამ. ამის მიზეზი ნიუ-იორკის სასამართლოა, რომელიც ერთ-ერთ საქმეზე გოლდსმიტის მომზადებულ ფსიქიატრიულ დასკვნას არ ენდო. მიუხედავად ამისა, ექსპერტს ნდობას სააკაშვილის ადვოკატი, მხარდამჭერები და თანაპარტიელები უცხადებენ.
ექსპრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნად კვლავ რჩება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ამ მოთხოვნას ღიად უპირისპირდებიან ის ადამიანები, რომლებმაც სააკაშვილის მმართველობა საკუთარ თავზე გამოსცადა. წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულები ყოფილი პრეზიდენტის ციხეში დაბრუნებას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილის ძმა და პარტიის თავმჯდომარე კი ფიქრობენ, რომ ახლა შურისძიების დრო არ არის.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დაზარალებული ოჯახების მოთხოვნა ლოგიკურია და პირიქით, არასწორია ის, რასაც დღის წესრიგში სააკაშვილის მომხრეები აყენებენ. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანასა და შეწყალებაზე აპელირება სააკაშვილის მმართველობის დროს დაღუპული მოქალაქეებისა და მათი ოჯახების შეურაცხყოფაა.
საქალაქო სასამართლოში დღეს სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეზე მსჯელობა თითქმის 6 საათს გაგრძელდა, სხდომა ხვალ 3 საათზე განახლდება.