27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
"Credit Suisse-ის" მხრიდან ბიძინა ივანიშვილის აქტივების შეფერხებას, ზაზა შათირიშვილი დასავლელ ლობისტებს უკავშირებს - ფილოსოფოსმა დღეს, ვრცელი განცხადება გაავრცელა

"კრედიტ სუისის" მხრიდან ბიძინა ივანიშვილის აქტივების შეფერხებას, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ფილოსოფოსი დასავლელ ლობისტებს უკავშირებს. ზაზა შათირიშვილმა დღეს ვრცელი განცხადება გაავრცელა. მისი მტკიცებით, ივანიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებული ტექსტი, სადაც შვეიცარიული ბანკი პოლიტიკური შანტაჟის იარაღად არის მოხსენიებული, ადასტურებს, რომ ამერიკელი ლობისტების ნაწილი ევროპარლამენტთან კოორდინირებულად ყოფილ პრემიერთან ვაჭრობას ცდილობს. მიზანი კი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაა.

ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის აქტიური მხარდამჭერი არც იმას გამორიცხავს, რომ ექსპრემიერზე პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა გაგრძელდება. შათირიშვილის აზრით, დასავლეთის წარმომადგენლები ივანიშვილის კუთვნილი 2 მილიარდამდე აქტივის გაყინვას ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოებზე ზეწოლით ეცდებიან. ფილოსოფოსის მტკიცებით, სასწორის პინზე კოლოსალური თანხის მიუხედავად, მცდელობა შედეგიანი ვერ იქნება.

მსგავს თეორიას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ოპოზიციაში. მათი ნაწილი პოლიტიკური მოტივით საკუთრებაზე წვდომის შეფერხებაში პრობლემას ვერ ხედავს. ნაწილი კი ამტკიცებს, რომ "კრედიტ სუისი" გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას, რაც კლიენტებთან ურთიერთობებს ავტომატურად აფუჭებს.

შვეიცარიული ბანკის მხრიდან ფინანსებზე წვდომის შეზღუდვა დამატებით ეჭვებს აჩენს საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლები ამბობენ, რომ "კრედიტ სუისის" ტრასტები ყოველგვარ სამართლებრივ ნორმას უგულებელყოფენ. რაც სავარაუდოდ გარკვეული ძალების მხრიდან ჩარევის გარეშე შეუძლებელია.

ბიძინა ივანიშვილს, უკვე ერთი წელია კუთვნილი 2 მილიარდამდე თანხის განკარგვას "კრედიტ სუისი" უზღუდავს. შვეიცარიულ ბანკთან სასამართლო დავა ბერმუდასა და სინგაპურში მიმდინარეობს. ტრასტების მხრიდან ფინანსური ტრანზაქციების შეფერხებაზე სპეციალური წერილი გუშინ ექსპრემიერის ადვოკატებმა გაავრცელეს. უფლებადამცველების თქმით, შვეიცარიული საბანკო სისტემის ერთ-ერთი ფლაგმანი, ბიზნესმენზე პოლიტიკური შანტაჟის იარაღად არის გამოყენებული.

დღის ამბები