27 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
კიევში პატიმრობა მიუსაჯეს გავლენიან კრიმინალურ ლიდერს, ლაშა ჯაჭვლიანს იგივე "ლაშა სვანს" - იგი წლებია უკრაინაში რამდენიმე ოლქს აკონტროლებს

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, ლაშა ჯაჭვლიანი, მეტსახელად სვანი- ის სამართალდამცველებმა კიევში აიყვანეს. ნაციონალურმა პოლიციამ ჯაჭვლიანთან ერთად ხელბორკილები დაადო მის მეგობარს, გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტს, სერგეი ოლეინიკს, იგივე "უმკას". ორივე უკრაინაში ჯერ კიდევ გასული წლის მაისში დააკავეს, თუმცა სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯათ. გამოძიებით დადგინდა, რომ აკრძალვების მიუხედავად, ქართველი კანონიერი ქურდი აქტიურად განაგრძობდა კრიმინალური შეკრებების ორგანიზებას, ფულის გამოძალვას და ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინაში დააპატიმრეს. ქართველი კანონიერი ქურდის წინააღმდეგ ორტოიმიანი საქმე პეჩორის რაიონულ სასამართლოში 2021 წლიდან დევს. მაშინ, ჯაჭვლიანმა პატიმრობას თავი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით დააღწია. სასამართლო პროცესზე მან კიევის პროკურატურა უკანონო დევნაში დაადანაშაულა და ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

ჯაჭვლიანის საქმეში დევს ფარული სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის საუბარს ასახავს. ადვოკატმა ამ მტკიცებულებებს აბსურდული უწოდა და მოსამართლეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება სთხოვა.

ქართველი ე,წ კანონიერი ქურდი უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. შეძლებს თუ არა ის ამჯერად პატიმრობიდან თავის დაღწევას, უცნობია. სხვა მტკიცებულებებთან ერთად საქმეში დევს ე.წ. "ობშიაკისთვის" განკუთვნილი 3 მილიონი დოლარი, რომელიც სამართალდამცველებმა ლაშა ჯაჭვლიანთან ერთად დაკავებული სერგეი ოლეინიკის ჩხრეკისას ჯერ კიდევ გასულ წელს, ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან ამოიღეს.

დღის ამბები