27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
გიორგი გამსახურდია დედას ოფიციალურად ემიჯნება და სასამართლოში, მის წინააღმდეგ მორიგი სარჩელის შეტანას გეგმავს - რა ხდება გამსახურდიების ოჯახში

ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეობაზე დავა სასამართლოში ახალი სარჩელით გაგრძელდება. გიორგი გამსახურდია მანანა არჩვაძისთვის ყველა სამართლებრივი უფლების ჩამორთმევას ითხოვს, მათ შორის ოჯახიდან გამიჯვნას. იურისტები ძმები გამსახურდიების სახელით, პირველი პრეზიდენტის მეუღლის წინააღმდეგ სარჩელს უკვე ამზადებენ. ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური "კურიერთან" ყვება, რომ დავის საფუძველი მანანა არჩვაძის მხრიდან სისტემატური შანტაჟი, დევნა და მუქარა გახდა.

თავად გიორგი გამსახურდია დედას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით გაემიჯნა და დაწერა, რომ მალე ამას ოფიციალურადაც გააფორმებს.

გიორგი გამსახურდიამ დედის წინააღმდეგ ქონებრივი დავა უკვე მოიგო ორ ინსტანციაში, თუმცა მანანა არჩვაძეს კოლხური კოშკის კარი შვილებისთვის კვლავ დაკეტილი აქვს. ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, ცოტნე გამსახურდიას მშობლიურ გარემოში რეაბილიტაციის შესაძლებლობა არ ეძლევა და ამ დრომდე წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში რჩება.

ოჯახიდან მანანა არჩვაძის საბოლოოდ გამიჯვნის საქმეში სხვა მტკიცებულებებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ცოტნე გამსახურდიას მიერ ჯერ კიდევ 2010 წლიდან გამოქვეყნებული საჯარო განცხადებები.

თავად მანანა არჩვაძეს შვილების განცხადებებში ეჭვი შეაქვს და დარწმუნებულია, რომ ძმებს მის წინააღმდეგ გარკვეული ძალები იყენებენ. პირველი პრეზიდენტის მეუღლე ამბობს, რომ ცოტნე გამსახურდიას სრულყოფილი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, რის საშუალებასაც არ აძლევენ.

რა შედეგით დასრულდება გამსახურდიების ოჯახში სამართლებრივი დავა - ამ საკითხზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. არ არის გამორიცხული, პირველი პრეზიდენტის მეუღლეს მემკვიდრეობასთან ერთად, შვილების დათმობაც მოუწიოს.

 

დღის ამბები