27 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
"ხალხის ძალა" ასრულებს მუშაობას კანონპროექტზე, რომლითაც "უცხოური აგენტების" რეესტრში დარეგისტრირება მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ

"ხალხის ძალა" ასრულებს მუშაობას კანონპროექტზე, რომლითაც "უცხოური აგენტების" რეესტრში დარეგისტრირება მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ.

მოძრაობაში ითქვა, რომ პარლამენტში შესაბამისი ინიციატივა იანვარში დარეგისტრირდება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დეპუტატების ეს ჯგუფი მუშაობს კანონპროექტზეც, რომელიც "მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს".

"ხალხის ძალა" ასრულებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოში უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეოების საქმიანობას ეხება. დოკუმენტი პარლამენტში იანვარში დაინიცირდება. კანონპროექტი არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. კანონპროექტში აგრეთვე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში.

შეთავაზებული კანონით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი ენჯეოსთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად.

შემოღებული იქნება „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს. მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სხვადასხვა თვალსაზრისით.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი მოძრაობა - "ხალხის ძალა" ასრულებს მუშაობას კანონპროექტზე, რომელიც მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს. კანონპროექტი ეფუძნება ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას და ის ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას.

დღეს მთელი რიგი ენჯეოები და მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე, "ხალხის ძალა" მიიჩნევს, რომ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა.

კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება იანვარში და „ხალხის ძალას“ ექნება პრინციპული პოზიცია ორივე პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტების ინიცირებისთანავე, დაიწყება კონსულტაციები როგორც საპარლამენტო ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან", ისე ყველა უცხოური გავლენისგან თავისუფალ და არარადიკალურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან.

კანონპროექტები საზოგადოებას დეტალურად წარედგინება მათი ინიცირებისთანავე.

ამერიკული და ევროპული კანონმდებლობის საქართველოში გადმოტანით, შეიქმნება ახალი გარანტიები საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად," - განაცხადა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა. 

დღის ამბები