27 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
კაპასი პასუხები და თავშეუკავებელი კომენტარები იყო, ამის უკან შეიძლება გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იდგეს, რომელიც უპირისპირდება კონკრეტული ადამიანების ინტერესს და ემოციას - გია ვოლსკი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დილიდან შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.

მიზანმიმართული ზეწოლა პრეზიდენტზე - ასე შეაფასა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან გამართული აქცია. მან ხელისუფლებაც გააკრიტიკა.

მმართველი გუნდის ნაწილი პრეზიდენტს დაფიქრებას ურჩევს. 

"თუ დაფიქრდება კარგად საქართველოს პრეზიდენტი, მიხვდება, რომ ეს აქცია პირიქით, მის სასარგებლოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული, რომ იმ ზეწოლებმა გავლენა არ მოახდინოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე და იმ პოზიციის შეცვლაზე, რა პოზიციაც მას ჰქონდა და იმედი მაქვს, რომ დღემდე აქვს, იმიტომ, რომ არაფერი არ შეცვლილა. ამ ხალხის მიზანი იყო სწორედ ის, რომ ეს არასამართლიანი და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი არ იქნას გადადგმული და საქართველოს პრეზიდენტიც ადამიანია და არ მოხდეს რაიმე ტიპის ბულინგი მასზე," - განაცხადა პარლამენტის წევრმა და საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალას" დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა.

უმრავლესობა თვლის, რომ პრეზიდენტი საკმაოდ ორაზროვანი იყო და კითხვისთვის კონკრეტული პასუხი არ გაუცია, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საჭიროა მკაფიო პასუხი. "ოცნებაში" თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, როდესაც გუშინ მის რეზიდენციასთან გამართულ აქციას მასზე ზეწოლად აფასებს, თუმცა ის მანამდე არაფერს ამბობდა იმ აქციებზე და მოთხოვნებზე, რომელიც შეწყალების მოთხოვნით ოპოზიციის მხრიდან იყო.

"არავითარი ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ როდესაც საშიშროება დგას მთავარი დამნაშავის გამოშვების და შეწყალების, ადამიანთა გარკვეული ნაწილი შეიკრიბოს და ეს მხოლოდ ნაწილია იმ უამრავი ადამიანისა, რომლებმაც რეალურად ტერორი გამოიარეს სააკაშვილის ხელში.

კაპასი პასუხები იყო, თავშეუკავებელი კომენტარები და ამის უკან შეიძლება გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იდგეს, რომელიც აბსოლუტურად უპირისპირდება როგორც კონკრეტული ადამიანების ინტერესს, მათ ემოციას, ასევე ქვეყნის და ზოგადად საზოგადოების ინტერესებს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

დღის ამბები