"რუსთავი2-ი"სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი არხი იყო, რომელიც ომის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა საომარ მოქმედებებს. დღეს, უკრაინის საელჩომ "რუსთავი2- ის" ჟურნალისტებს და ოპერატორებს მადლობის სიგელები გადასცა,- ამის შესახებ გადაცემა "ღამის კურიერის" წამყვანმა ნინო შუბლაძემ განაცხადა.
ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნმა, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს მადლობის სიგელი პირადი ხელმოწერით გადასცა.
"პოლიტიკური წლის შეჯამებისას, თითოეულ ჩვენგანს და ალბათ ყველა მოქალაქეს, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია გვახსენდება. წინა საახალწლოდ თითოეული ჩვენგანის სურვილია მალე დასრულდეს ეს ომი უკრაინის გამარჯვებით და ჩვენ, ჟურნალისტებს აღარასდროს მოგვიწიოს ადამიანური ტრაგედიების და ომის სისასტიკის გაშუქება. წელს კურიერის ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა, საკუთარი თვალით იხილეს ომის დანაშაულები და დაუღალავად, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ ფრონტის წინა ხაზზე.
ჩვენი ტელეკომპანია სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი არხი იყო, რომელიც ომის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა საომარ მოქმედებებს. სწორედ ამ მუშაობის შედეგი იყო, "რუსთავი2-ის" დოკუმენტური ფილმი, უკრაინის ომის 100 დღე, რომელმაც საქართველოს გარდა ბევრი სხვა ქვეყანა მოიარა და ბევრგან უკრაინელები, სწორედ თომა ჩაგელიშვილის ფილმით უყვებოდნენ მსოფლიოს რუსულ აგრესიაზე. დღეს, წლის ბოლოს, "რუსთავი2-ელებმა" ძალიან საპატიო ჯილდო მივიღეთ.
"გმადლობთ, თქვენი გულისხმიერებისთვის, ერთგულებისთვის, მხარდაჭერისთვის და სამოქალაქო პოზიციის უმაღლესი გამოვლენისთვის- ეს იყო უკრაინელი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან, ძმური ურთიერთობის ნამდვილი დადასტურება,- ასეთი იმ სიტყვების შინაარსი, რომელიც ჩვენთვის გადმოცემულ სიგელებზე წერია.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნმა, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს მადლობის სიგელი გადმოსცა პირადი ხელმოწერით. ეს ჩვენთვის ნამდვილად საამაყო ჯილდოა. ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას და უკრაინელ ხალხს ძალიან მალე საკუთარ სახლებში მშვიდად დაბრუნებას. დიდება გმირებს! მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და მშვიდობა უკრაინას"-განაცხადა ნინო შუბლაძემ.