27 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
სასამართლოსთვის სახელმძღვანელო არა პოლიტიკოსების დირექტივები, არამედ მედიკოსების დასკვნა უნდა იყოს - ბადრი ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს ექსპერტების და სპეციალისტების დასკვნა, რითაც სასამართლო იხელმძღვანელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა-არ დაგაყვანის საკითხს.

მისი თქმით, პოლიტიკოსები სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე ვერ ისაუბრებენ.

"საზოგადოდ, ამ საკითხის პოლიტიზირება არის მიუღებელი. აქ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჰუმანური პრინციპებიდან, თუ არის საფრთხე ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს სიცოცხლის გადარჩენა. პოლიტიკოსები ხომ არ უნდა ადგენდნენ იმას არის თუ არა საფრთხე? ამას უნდა ადგენდნენ ექიმები, სპეციალისტები და ექსპერტები. შესაბამისად, არსებობს ექსპერტების დასკვნა. თუ მიუღებელია კონკრეტული ექსპერტთან ჯგუფი, მაშინ ვის დასკვნას უნდა დაეყრდნოს სასამართლო ან საზოგადოება?! მაშინ უნდა ითქვას, რომ ეს ექსპერტები არ მოგვწონს, მიკერძოებულია, მოვიწვიოთ სხვა უფრო მაღალი რეპუტაციის ექსპერტების. მე ვერ ვიქნები ამ საკითხში ექსპერტი, უნდა მივანდოთ ეს საქმე და განსაზღვროს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ ექსპერტთა ჯგუფმა, რომელთა რეპუტაცია მაღალია და რომელთა გადაწყვეტილება უნდა იყოს სახელმძღვანელო ყველასთვის, მათ შორის სასამართლოსთვისაც, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. პოლიტიზირება ამ თემის არის აბსოლუტურად მიუღებელი, ჩვენ უნდა გამოვიდეთ პრიციპიდან, რომ საუბარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. თუ დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ ამისთვის არის აუცილებელი სასამართლო გადაწყვეტილება სასჯელის გადავადების, მაშინ აქედან უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ.

მე ვემხრობი იმას, რომ არსებობდეს ექსპერტთა დასკვნა ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა იყოს სახელმძღვანელო სასამართლოსთვის. სასამართლოსთვის სახელმძღვანელო არ უნდა იყოს პოლიტიკოსების დირექტივები, სახელმძღვანელო მედიკოსების დასკვნა უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნებისმიერმა პოლიტიკოსმა თქვას, რომ მე ვიცი, ეს არის სიმულაცია, ეს არ არის პოლიტკოსის საქმე, ეს არის მედიკოსის საქმე," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები