27 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
ბოლო ორი წლის განმავლობაში 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა - 2020 წლიდან დღემდე, ყველაზე მეტი მოქალაქე დასაქმდა

ბოლო ორი წლის განმავლობაში 229 ათასი სამუშაო ადგილი - ასეთი შედეგით ასრულებს მუშაობას მთავრობის ეკონომიკური გუნდი. სამშენებლო სექტორი, ტურიზმი და სატრანსპორტო გადაზიდვები - ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, სადაც 2020 წლიდან დღემდე ყველაზე მეტმა მოქალაქემ იშოვა სამსახური.

ახალი სამუშაო ადგილები და სიღარიბის დონის შემცირება მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის საშუალებით ქვეყანაში იმ ადამიანთა რიცხვი ვინც მუდმივ სამსახურს ვერ პოულობს, კიდევ უფრო შემცირდება. 

სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. დეველოპერული ჯგუფ "ანაგის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 15 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული მუშა-პერსონალის რაოდენობა. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ეკონომიკის გაზრდილი მაჩვენებელი მუშახელზე მოთხოვნასაც ზრდის, ის პროექტები კი რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი, ექსპერტების აზრით, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა.

სიღარიბის დონის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა რომ სამთავრობო პრიორიტეტია, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა წარმატებით ხორციელდება.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა მარტიდან დაიწყო. პროგრამაში ჩართულ პირს 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდება სოციალურად დაუცველის სტატუსი და სტატუსთან დაკავშირებული სოციალური სარგებელი.

დღის ამბები