30 წლის მამაკაცმა საკუთარი მამა და ბაბუა სასიკვდილოდ გაიმეტა. ნიკა პაპიაშვილმა დანა ჯერ 82 წლის ბაბუას დაარტყა, შემდეგ კი მამას თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემთხვევა მარნეულში წუხელ გვიან ღამით მოხდა. მამა-შვილის გადარჩენა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოასწრო, ახლა ისინი უმძიმეს მდგომარეობაში სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობენ. ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, პისტოლეტიდან თავში დაჭრილი მამის მდგომარეობა კი იმდენად მძიმეა რომ მისი გადმოყვანა თბილისში გახდა საჭირო.
პაპიაშვილების ოჯახში მომხდარ სასტიკ დანაშაულს თვითმხილველები არ ჰყავს, მეზობლებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც სახლთან პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები დაინახეს. 30 წლის ნიკა პაპიაშვილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, საქმე კი მის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.
ოჯახის წევრები, სასტიკი დანაშაულის დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობენ. რატომ გაიმეტა 30 წლის კაცმა მამა და ბაბუა, ოფიციალური მოტივი ამ დრომდე უცნობია. "კურიერის" ინფორმაციით, კი დაჭრას წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი, რომელიც მამაკაცებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო.
30 წლის ნიკა პაპიაშვილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე, ცხელ კვალზე დააკავა. მამის და ბაბუის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია, სახლში კი, სადაც დანაშაული მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება, სამართალდამცველები ოჯახის წევრებს და ახლობლებს კითხავენ.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.