27 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
პროგრესირებადი დემენცია და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა, მოუვლელობა - ამით ამერიკელი ფსიქიატრი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობას ხსნის, თუმცა ერიკ გოლდსმიტის დასკვნას თბილისში ეჭვის თვალით უყურებენ

სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა, მოუვლელობა და შელახული ფიზიკური გარეგნობა - ამერიკელი ფსიქიატრი ამით ხნის სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობას, თუმცა ერიკ გოლდსმიტის დასკვნას თბილისში ეჭვის თვალით უყურებენ.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახსა და მის პარტიას მომხდარი ფაქტის არ სჯერათ. საუბარია მათ მიერ დაქირავებული ექსპერტის, ერიკ გოლდსმიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. დასავლური პრესა წერს, რომ მედიკოსის ფსიქიატრიულ დასკვნას, რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის პარტნიორთან დაკავშირებით, ნიუ-იორკის სასამართლო არ ენდო. ექსპრეზიდენტის ახლობლები მათივე მოწვევით პროცესებში ჩართულ ექსპერტებს სრულ ნდობას უცხადებენ.

ამერიკელი ფსიქიატრის რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებს საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც აცხადებენ, რომ მისი შეფასება ობიექტური და სანდო ვერ იქნება. ამბობენ, რომ გოლდმსმიტის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სიმულაციას უწყობს ხელს.

გოლდსმიტის დასკვნის სანდოობასთან დაკავშირებით, კითხვები აქვს ოპოზიციის ნაწილსაც. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ობიექტური სურათისთვის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამატებითი ექსპერტიზით უნდა შემოწმდეს.

გოლდსმიტის დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის კი იმის საფუძველია, ისაუბრონ ექსპრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის აუცილებლობაზე. გადაარჩინე მიხეილ სააკაშვილი - ამ კამპანიის ინიციატორი გიორგი მარგველაშვილია, რომელმაც უკვე მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

უპრინციპო დამოკიდებულება - ასე შეფასდა მმართველ პარტიაში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გიორგი მარგველაშვილის და მისი თანამოაზრეების აქტიურობა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ყველა, ვინც სააკაშვილის გადაყვანას ითხოვს, არა ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური მიზნებით ხელმძღვანელობს.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ხვალ მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესზე ამერიკელი ფსიქიატრის შემდეგ ამერიკელი ტოქსიკოლოგი გამოიკითხება.

დღის ამბები