27 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
დასკვნა, რომელმაც მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე შეცვალა - ვისი მიზეზით გარდაიცვალა 29 წლის მედდა და რატომ არის მისი ოჯახი უკმაყოფილო გამოძიების შედეგებით

ის, რასაც წელიწადზე მეტია მეგი ბაქრაძის ოჯახი ამტკიცებს, ახლა დოკუმენტითაც დასტურდება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ორი შვილის დედას, ექიმის მიერ არ გაეწია დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება. შედეგად, 29 წლის ექთანი გარდაიცვალა. მეგი ბაქრაძის ოჯახი დღესაც ყველა დამნაშავე პირის დასჯას ითხოვს.

ექსპერტიზის დასკვნა ახალი ბრალის წარდგენის მიზეზი გახდა. ახლად გამოვლენილი მტკიცებულებით პროკურატურამ ახალციხის კლინიკა "იმედს" ექიმს ბრალი წარუდგინა. ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია - ვიოლეტა ინასარიძეს სასამართლოში ახლა ამ კვალიფიკაციით გაასამართლებენ. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მხოლოდ ერთი ექიმისთვის ბრალის წარდგენა საკმარისი არაა მანუჩარ კობახიძისთვის. მეგი ბაქრაძის მეუღლე ფიქრობს, რომ საქმის ყველა ფიგურანტი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს, თუმცა სასამართლოს საბოლოო განაჩენს ის ციხის გარეთ დაელოდება. პროკურატურა მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებული ექიმი "კურიერს" დღეს არც სახლში და არც სამსახურში დახვდა. ინასარიძე მედიის სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ეს არ არის ერთადერთი ეპიზოდი, რაზეც პროკურატურა მუშაობს. გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზეც მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ბრალი სამ ექიმს, მათ შორის ვიოლეტა ინასარიძესაც აქვს წარდგენილი. არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიმდინარეობს.

დღის ამბები