27 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
30 მომხრე 3 წინააღმდეგი - თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. 30 მომხრე და 3 წინააღმდეგი, ორმა დეპუტატმა თავი შეიკავა. საფინანსო დოკუმენტის მიღებამდე, საკრებულოში, 6 საათზე მეტ ხანს უსმენდნენ კახა კალაძეს.

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ამ ოდენობის ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს არასოდეს არ ჰქონია.  

"მილიარდ 632 მილიონი ლარის ოდენობის ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს არასოდეს არ ჰქონია. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი რესურსი არის გამოყოფილი თბილისელებისთვის და თბილისის კეთილდღეობისთვის. საბოლოო ჯამში, მიიღო თბილისის მუნიციპალიტეტმა 330 მილიონი ლარით მეტი ბიუჯეტი, ვიდრე ეს გასულ წელს იქნა დამტკიცებული. საბიუჯეტო ნაწილის გარდა, ასევე 2023 წელს თბილისის მუნიციპალიტეტში განხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრებით სხვადასხვა პროექტები, რომელიც 170 მილიონ ლარს აღწევს.  2023 წლის ხარჯი მაქვს მხოლოდ მხედველობაში," - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა "ლელომ".თბილისის საკრებულოს ფრაქციის ”ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის" თავმჯდომარე, საბა ბუაძე აცხადებს, რომ საფინანსო დოკუმენტში არ ყოფილა გათვალისწინებული ოპოზიციის შეთავაზებები. 

"ჩვენ ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ, ვინაიდან მასში არ ყოფილა გათვალისწინებული არცერთი ოპოზიციური შეთავაზება და ჩვენ შეთავაზებები ბევრი გვქონდა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეთავაზება იყო მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიის გამოსყიდვა და იქ სამ ჰექტარზე პარკის განვითარება, მაგრამ კალაძე უფრო მეტად ემსახურება დეველოპერების ინტერესებს," - აცხადებს საბა ბუაძე.

თბილისის მერის მოხსენება რეპლიკების და შეძახილების ფონზე წარიმართა. არაერთხელ შევიდა დისკუსიაში კანონმდებლებთან თავად კახა კალაძე.

ბოლო ორი საათი დაეთმო შეფასებებს, რა დროსაც ძირითადად ისეთ თემებზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი და ევროინტეგრაცია.

 

 

დღის ამბები