რეგიონებში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება, "ახალი წლის დღეები საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, მასშტაბური ღონისძიებები ამჯერად სიღნაღში, საჩხერესა და კასპში გაიმართა. სიღნაღში, მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივების განწყობასა და პატარების გართობაზე თოჯინების თეატრმა იზრუნა, ამ წუთებში კი ჯგუფების "ურსასა" და "მიქსტურას" კონცერტი იმართება.
საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს საჩხერესა და კასპშიც. ორივე ქალაქში გახსნილია საშობაო ბაზრობები, სადაც ადგილობრივების ნაწარმი იყიდება, საბავშვო სივრცეებში კი პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით უმასპინძლდება.
ახალი წლის აღნიშვნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. "ახალი წლის დღეები საქართველოში" - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ტარდება, რომელმაც უკვე ტრადიციული სახე მიიღო. წინასაახალწლო ღონისძიებები საქართველოს 63 ქალაქში 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. წელს ღონისძიებებს დაბა ბაკურიანში უერთდება. თითოეული დღე, კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.