11 დაღუპული და 64 დაშავებული, ხერსონის დეოკუპაციის შემდეგ ოლქის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური იერიში განხორციელდა. აგრესორის მთავარი სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, საბავშვო ბაღის შენობა და თბოსადგური იყო.
23-ჯერ გახსნეს ცეცხლი ღამის განმავლობაში სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით. მძიმე დაზიანება მიადგა სამოქალაქო ობიექტებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხარკოვის ოლქშიც. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე ქვეყანაში 9 მილიონი ადამიანია დარჩენილი.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, იმატა ოკუპანტების აქტივობამ დონეცკის მიმართულებით. აგრესორმა ღამის განმავლობაში რამდენიმე საავიაციო და საჰაერო იერიში წამოიწყო. პოზიციების დაცვა უკრაინელ სამხედროებს ძვირად დაუჯდათ.
დიდი დანაკარგი განიცადა საოკუპაციო ძალამაც. საპასუხო კონტრიერიშის შედეგად დაიღუპა 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, მათ შორის სპეცსამსახურების 15 თანამშრომელი. დარტყმები განხორციელდა აგრესორის 4 სამეთაურო პუნქტზე და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 6 ლოკაციაზე.
ოკუპანტების განდევნას ცდილობენ უკრაინელი სამხედროები კრემენაიას მისადგომებთან. ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, წარმატების შემთხვევაში აგრესორის თავდაცვა ოლქის მთელ ტერიტორიაზე დაირღვევა, ეს კი სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინელი სამხედროებს ლუგანსკის გათავისუფლების დიდი შანსს მისცემს.