30 ხმით არცერთის წინააღმდეგ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-ე რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. კონკურსში სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, მანამდე კი ის რექტორის მოვალეობას ასრულებდა. კენჭისყრაში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს 38 წევრისგან 32-მა მიიღო, გაბათილდა 2 ბიულეტენი, რადგან მათზე კანდიდატი არ იყო შემოხაზული. მომავალი 4 წლის განმავლობაში, ჯაბა სამუშია ქვეყნის მთავარ უნივერსიტეტში არაერთი პრობლემა აქვს გადასაჭრელი.
უნივერსიტეტში არსებულ გამოწვევებს შორის პირველი სტუდენტების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაა. ეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რის გამოც არჩევნების წინა ღამეს "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად საარჩევნო ოთახის შესასვლელის გადაკეტვა სცადეს. სტუდქალაქის გარდა, სტუდენტების ნაწილი კიდევ ერთ მოთხოვნას აყენებს - რექტორის არჩევის წესის შეცვლა.
ახალგაზრდები ითხოვენ მომავალი რექტორი არამხოლოდ აკადემიური საბჭოს წევრებმა, არამედ პროფესორ-მასწავლებელმაც აირჩიონ. "მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრებს", ჯაბა სამუშია უკვე შეხვდა და პირობა მისცა რომ ორივე პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს.