27 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
თუ პრეზიდენტი შეიწყალებს სააკაშვილს, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ზოგადად მისი კარიერისთვის - კახა კალაძე 

თბილისის მერი, კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. დედაქალაქის მერის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ძალიან მძიმე მისთვის და მისი კარიერისთვის. 

კახა კალაძე აქვე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანება და ამბობს, რომ "არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს“ და ეს მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლია. 

"თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ძალიან მძიმე ზოგადად მისი კარიერისთვის. ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება. არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის - აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარ კამპანია. ყველა დამნაშავე, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა აგოს პასუხი,“ - აცხადებს კახა კალაძე.

"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით  საუბარს სპეკულაციურს უწოდებს. მმართველ გუნდში დღეს ასევე გაიხსენეს ამერიკელი ფსიქიატრ ერიკ გოლდსმიტის დასკვნა, რომელიც ნიუ-იორკის სასამართლომ რიჩარდ ჩიჩაკლის საქმეზე ეჭვქვეშ დააყენა. 

"ვერ დავიწყებ შეფასებას ცალკეული ექსპერტების კვალიფიკაციის  და ა.შ. მაგრამ, რაც შემიძლია გადაჭრით ვთქვა, ეს არის, რომ ყველა საპროცესო კანონმდებლობით, სამოქალაქო იქნება ეს, ადმინისტრაციული თუ სისხლი, ყველგან არის გათვალისწინებული, რომ არც საექსპერტო კვლევას, არც ერთ ექსპერტს,  არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა ან ზოგადად, საექსპერტო დასკვნა, არის აპრიორი ჭეშმარიტება. და არც ერთ საექსპერტო დასკვნას არ შეიძლება ჰქონდეს წინასწარ დადგმული სავალდებულო ძალა სასამართლოსთვის. იმიტომ რომ ეს საკითხები, მათ შორის რომელიც საექსპერტო კვლევას მოითხოვს, საექსპერტო ცოდნას მოითხოვს, მოითხოვს რა თქმა უნდა, ყოველ მხრივ დამუშავებას. შეიძლება არსებობდეს შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა საექსპერტო დასკვნები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამიტომაც არის შემოღებული მოქმედი კანონი და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ნოუ ჰაუ, მთელ მსოფლიოში ასეა, რომ საექსპერტო კვლევებს და დასკვნებს აქვს არა ისეთი ძალა, არა ისეთი სტატუსი, როდესაც ის სავალდებულო ძალის მატარებელია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განცხადებები, რომ რომელიმე კონკრეტული საექსპერტო დაწესებულის კვლევა არის აპრიორი უდაო ჭეშმარიტი მტკიცებულება, ეს რა თქმა უნდა, არასწორია," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

გოლდ სმიტმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლოს ჩვენება გასულ კვირას მისცა.

 

დღის ამბები