თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს - ჯაბა სამუშია თანამდებობაზე 30 ხმით ოცდამეათე რექტორად 4 წლის ვადით აირჩიეს. კენჭისყრაში აკადემიური საბჭოს 32 წევრი მონაწილეობდა, თუმცა 2 ბიულეტენი გაბათილდა.
მანამდე უნივერსიტეტში ხმაური იყო. "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად გვიან ღამით საარჩევნო ოთახის შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაცვამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
სტუდენტებთან შეთანხმება შედგა. ჯაბა სამუშია მათ დაჰპირდა, რომ არჩევის შემდეგ მათი მოთხოვნების შესრულებაზე იმუშავებს.
"აკადემიურმა საბჭომ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია უნივერსიტეტის ახალი ოცდამეათე რექტორი, ბატონი ჯაბა სამუშია. საარჩევნო კომისიამ კომპეტენტურად და ორგანიზებულად უზრუნველყო არჩევნების ჩატარება. კენჭის ყრისა და ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობდა დამოუკიდებლად ყველა რეგულაციის დაცვითა და გამჭვირვალედ. არ დაფიქსირებულა არც ერთი პროცედურული დარღვევა, არც საჩივარი არ არის დაწერილი," - აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მდივანი მარი კაპანაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა ჯაბა სამუშიამ აკადემიური საბჭოს წევრებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
"დიდი მადლობა მინდა მოვახსენო აკადემიური საბჭოს წევრებს ამ ნდობისთვის. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პირადად ჩემთვის და ყველა უნივერსიტეტებთან ერთად მე შევეცდები ვიზრუნო უნივერსიტეტის მომავლისათვის და იმისთვის, რომ უნივერსიტეტში როგორც სწავლა, ასევე მეცნიერული განვითარება უახლოესი 4 წლის მანძილზე იყოს საკმაოდ მაღალი," - აცხადებს ჯაბა სამუშია.