27 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
38 წლის ნიკოლოზ გულისაშვილი საფრანგეთის სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე შეიარაღებულ თავდასხმაში ამხილა - ნაფიც-მსაჯულთა გადაწყვეტილებით, იგი ციხეში 25 წელს გაატარებს

38 წლის ნიკოლოზ გულისაშვილს, რომელიც საფრანგეთის სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე შეიარაღებულ თავდასხმაში ამხილა, განაჩენი გამოუტანა. სამწლიანი განხილვის შემდეგ, ნაფიც-მსაჯულთა გადაწყვეტილებით, ის ციხეში 25 წელს გაატარებს.

გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს განაჩენს აქტიურად აშუქებს ფრანგული მედია. ნაფიცმა მსაჯულებმა მოუსმინეს ათობით მოწმეს და შეისწავლეს არაერთი მტკიცებულება. დადგინდა, რომ ქალაქის ცენტრში, სკოლის წინ ნიკოლოზ გულისაშვილი ყოფილ მეუღლეს დანით დაესხა თავს და მისთვის ყელის გამოჭრა სცადა. ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის მოსწავლეები.

სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის დროული ჩარევით, ქალი სიკვდილს გადაურჩა. მას დაზიანებები ყელისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, სასამართლოში კი საქმის განხილვა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გულისაშვილის ადვოკატი ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს არ ეთანხმება და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. განსხვავებულია საფრანგეთის პროკურატურის პოზიცია.

"კურიერი" დღეს თბილისში, ნიკოლოზ გულისაშვილის რეგისტრაციის მისამართზე იმყოფებოდა. მეზობლები ამბობენ, რომ ის საფრანგეთში წლების წინ წავიდა, ოჯახმა კი სახლი გაყიდა.

38 წლის ნიკოლოზ გულისაშვილი 25 წლიან სასჯელს საფრანგეთის ციხეში მოიხდის. ვერდიქტი შესაძლოა შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდეს.

დღის ამბები