27 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობა გახსნილია - "კურიერის" ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს დანაშაულის ჩადენა წინასწარ ჰქონდა განზრახული

სასტიკი დანაშაულის ჩადენის ადგილი "კურიერმა" კაიროს ქუჩაზე იპოვა. ტრიალი მინდორი და დანგრეული შენობები, მკვლელმა საგანგებოდ შეარჩია. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ნაცნობმა პირმა სასიკვდილო ჭრილობები ჯერ დანით მიაყენა, შემდეგ კი იქვე მდებარე თხრილში მოათავსა. კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლულებს ქვები დააყარა.

 ამ ვერსიას ადასტურებს ისიც, რომ მან დიანა ბუჩუკური და ჩეტან კალე, მიტოვებულ, ხის გადამამუშავებელ ქარხანასთან დაიბარა. იქ მოქალაქეები თითქმის არ გადაადგილდებიან. შესაბამისად, სასტიკ მკვლელობას თვითმხილველები სავარაუდოდ არ ყავს, თუმცა კურიერი ერთ-ერთ ობიექტზე დასაქმებულ თანამშრომლებს გაესაუბრა. მამაკაცებმა დაინახეს, როგორ მუშაობდნენ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილას და როგორ გადაიყვანეს ცხედრები ექსპერტიზაზე.  

პოლიციამ, სავარაუდოდ, დამნაშავე მალევე დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ 35 წლის მამაკაცს ბრალი დაუმტკიცდება, 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ჰარუთინ მკრტიჩიანია, თუმცა მოკლული ცოლ-ქმრის ოჯახი ამბობს, რომ დიანა ბუჩუკურს და ჩეტან კალეს ის სულ სხვა სახელით გაეცნო. მოკლული ქალის და ყვება რომ, დანაშაულის ჩადენამდე მისმა სიძემ ავტომობილების შესაძენად მკრტიჩიანს სოლიდური თანხა გადაურიცხა. შენაძენის წამოსაყვანად მისულებს კი არც მანქანები დახვდათ და არც ის პირი, რომლისგანაც ქონება შეიძინეს. მკრტიჩიანი სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობდა, მოგვიანებით კი კლიენტებს ის თავად დაუკავშირდა და თემაზე სასაუბროდ დაიბარა. შეხვედრა 19 დეკემბერს, სასტიკი მკვლელობით დასრულდა.

სამართალდამცველებმა მოკლული ცოლ-ქმრის ახლობლები და ნათესავები უკვე გამოკითხეს. ბუჩუკურების ოჯახი ახლა გამოძიების შედეგებს ელოდება და დანაშაულის ჩამდენი პირის, კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.

დაკავებული ჰარუთინ მკრტიჩიანი წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში იმყოფება. მას იცავს ადვოკატი, თუმცა ინტერესების დამცველს საქმის დეტალებზე საუბარი ჯერ არ სურს. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.

დღის ამბები