შობის დღესასწაულზე, საოკუპაციო ძალამ უკრაინის 65 დასახლება დაბომბა. აგრესორმა მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებით 10-ჯერ გახსნა ცეცხლი კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით - კორპუსის აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი.
იერიში არ წყდება ხერსონის და სუმის ოლქებზე. ღამის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანებულია 20-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი სისტემა. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ფოსფორის ჭურვებით დაიბომბა დონეცკის ოლქი. შეტევა რამდენიმე საათს გაგრძელდა. მძიმე ვითარებაა ბახმუტში.
ღამის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა 16 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალა თავდაცვის ზოლის გარღვევას და სტრატეგიულ გზებზე კონტროლის დამყარებას ცდილობდა. მცდელობას 80-მდე რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა - განადგურებულია რამდენიმე ტანკი და სხვა მძიმე ტექნიკა.
საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა რუსეთში, ენგელსის აეროდრომზე, რომელიც უკრაინიდან თითქმის 800 კილომეტრით არის დაშორებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტს უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია, რასაც 3 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ომის უკანასკნელ პერიოდს აჯამებს თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მარცვლეულის შეთანხმების შემდეგ მოსკოვთან მორიგი ნაბიჯების გადასადგმელად მზად არის. ევროპამ კი პროვოკაციული ქმედებები არჩია.
ერთობლივ ნაბიჯებს დგამენ მოსკოვი და მინსკი. ბელარუსში რუსეთის მიერ მიწოდებული "ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსები და С-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები განლაგდა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შეიარაღებული ძალები მზად არიან დასახული ამოცანების შესასრულებლად. კონკრეტულად რა ამოცანებზეა საუბარი, უწყებაში არ აკონკრეტებენ.