27 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
"სიტყვა არ დაგითმეს თუ სკამი ცუდად დგას, ამის გამო არ მიხვიდე...მერჩივნა ის მიზეზი, რომ ავად იყო და იმიტომ არ მივიდათქო" - ირაკლი ზარქუა პრეზიდენტზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება გაუგებარია "ქართული ოცნებისთვის" . მმართველი გუნდის წევრებმა, კონფერენციაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზის გამო, სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკეს.

"მე უფრო მეგონა, რომ რახან არ დაესწრო, მეთქი ავად ხომ არ არისთქო, ხო არ გაცივდათქო. თუ ეს არის მიზეზი ე.ი. რთულ სიტუაციასთან გვქონია საქმე იმიტომ, რომ პროტოკოლით სიტყვა ვიღაცაზე წინ თუ ადრე თქვას, ამის გამო ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას რომ არ ესწრები მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, მთელი ჩვენი სამეზობლო ცეცხლის ალშია გახვეული და ამ დროს შენ, სიტყვა არ დაგითმეს თუ სკამი ცუდად დგას და არ მიხვიდე - მე მერჩივნა ის მიზეზი, რომ ავად იყო და იმიტომ არ მივიდათქო," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ.

პრეზიდენტის ინსტიტუციის უპატივცემულობაზე საუბრობს ოპოზიცია - ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩიათ, რომ დღევანდელი ფაქტიც ადასტურებს მთავრობასა და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებულ პრობლემებს, რომელიც მათივე შეფასებით, პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებებით არის განპირობებული.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ ცნობილია და ამაში ახალი არაფერი არ არის. 

"ახალი არაფერი არ არის ამაში იმიტომ, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის და ყველა იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომელიც მათი მიმართულებით კრიტიკას გამოთქვამს და ასეთი იყო სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებები. ამ კუთხით ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ძალიან დაბალდამოკიდებულებას ამჟღავნებს ზოგადად თუნდაც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები