27 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
საქართველოს საელჩო და პირადად ბატონი ელჩი უკრაინაში, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ბოლო წუთამდე ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მმართველი ძალა პატივს სცემს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუმცა პირველ ადგილზე მაინც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინება რჩება - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენცია 2022-ის გახსნაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

ამასთან, პრემიერი სიტყვით გამოსვლის დროს შეეხო გასული წლის ყველა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენას, მათ შორის იყო უკრაინაში რუსეთის მიერ გაუმართლებელი ომი.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინის სუვერენიტეტს, ასევე მთელს ევროპას. 

"ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა. მინდა, ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან მძიმე შრომა გიწევთ გამოწვევებით აღსავსე რეალობაში. ბუნებრივია, ახლა სიტუაციასთან ჩვენ გვიწევს განსხვავებული მიდგომების გამოყენება. მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევაჯამო წლევანდელი წელი. მთავარი მოვლენა მთელი წლის და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის არის უკრაინის ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი და რა თქმა უნდა, მინდა დავეთანხმო ბატონ მინისტრს, ჩვენი საელჩო და პირადად ბატონი ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე, მაშინ, როცა სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩს უკრაინაში და თითოეულ თანამშრომელს, რა თქმა უნდა, დღეს მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა.

ჩვენი გაცხადებული სურვილი არის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს,  ვინაიდან აღნიშული ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და ბუნებრივია ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია ამ კონფლიქტის, ამ ომის დროულად დასრულება. ეს  არის ჩვენი სურვილი. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათი სუვერენიტეტის მიმართ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ  მეგობრებს და ხალხს. ომის დაწყების დღიდან ჩვენ ყველა პლატფორმაზე, ხმამაღლა მხარი დავუჭირეთ უკრაინას, მივუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციას. ყველა ფორმატში ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც  ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წამომადგენლების მხრიდან. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან მათი ქვეყანა, მთავრობა და ხალხი არის ომში, ამიტომ ამ თემაზე ჩვენ არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება.

მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. არაერთხელ მითქვამს და ჩვენ ეს ჩვენი პოლიტიკით და ჩვენი ქმედებით დავადასტურეთ, რომ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად ჩვენი ყველას მთავარი ვალდებულება არის  ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები