რუანდა აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, დღემდე სიღარიბეს ებრძვის. მისი ეგზოტიკური ბუნება კი ათასობით ტურისტს იზიდავს. ქვეყანას საკამოდ მძიმე წარსული აქვს. ყოველი წლის 6 აპრილს აქ გაუგონარი სისასტიკის 100-დღიან ისტორიას იხსენებენ.1994 წელს კაცობრიობის ისტორიაში ამ ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტრაგედიის შედეგად, ჰუტუს შეიარაღებულმა პირებმა, ტუტსის ტომის ასობით ათასი წევრი გამოასალმეს სიცოცხლეს.
რუანდელების 85% ჰუტუები არიან, მაგრამ ტუტსის უმცირესობა დიდი ხნის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. 1959 წელს ჰუტუმ დაამხო ტუტსის მონარქია, არეულობებიც სწორედ აქედან იღებს სათავეს. 1994 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 800 000-დან მილიონამდე ადამიანი მოკლეს.
"აფრიკული სინგაპური" - ეს რუანდაა. ქვეყანა, რომელიც განვითარების დონით სხვა აფრიკული სახელმწიფოებისგან რადიკალურად განსხვავდება.
რუანდაში ყველაზე საინტერესო ის ადამიანები არიან, ვინც ამ აფრიკულ სახელმწიფოში ცხოვრობს. თავისუფლება მათთვის განსაკუთრებული მონაპოვარია, სიცოცხლეს კი განსაკუთრებული ფასი აქვს.
ახალი ცხოვრების დაწყება ადვილი არ ყოფილა. 1994 წელი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკულად ჩაიწერა. 94 წლის მძიმე მოვლენები გენოციდად გამოცხადდა.
რუანდის სისხლიან დაპირისპირებას - კლასიკური გაგებით გენოციდისგან ის განასხვავებდა, რომ ტუტსის და ჰუტუს ტომის წარმომადგენლებს კულტურა, ენა და რელიგია ერთი ჰქონდათ.
ასეულობით მსხვერპლის ისტორიას გენოციდის მემორიალი ინახავს. ადგილი, სადაც ყველაზე მძაფრად იგრძნობა ადამიანური სისასტიკე. მკვლელობისთვის ხელნაკეთ იარაღთან ერთად, ძირითადად მაჩეტეებს იყენებდნენ. მუზეუმში დაცულია მსხვერპლთა ნეშტების ნაწილები და გენოციდს შეწირული ადამიანების პირადი ნივთები. მუზეუმი სრულად არ ასახავს გენოციდის მძიმე შედეგს. რუანდის დედაქალაქში არაერთი ადგილია ისეთი, სადაც ადამიანებს შემზარავი მეთოდით უსწორდებოდნენ.
კიგალიში თითქოს ყველამ აუწყო ფეხი თანამედროვეობას, თუმცა ადგილობრივების ძირითადი ნაწილისთვის სიღარიბე მთავარი გამოწვევაა. მისგან თავის დაღწევას ფიზიკური შრომით ცდილობენ.
თუ კიგალში ცხოვრობ, მართვის მოწმობა გაქვს და მოტოციკლიც გყავს, სამსახურს მარტივად დაიწყებ. გადაადგილებისთვის აქ ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი მოტო-ტაქსია.
ქვეყანა ცდილობს განვითარების მაქსიმუმს მიაღწიოს და აფრიკის კონტინენტზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს. კიგალი, რომელსაც "ათასი ბორცვის მხარეს" უწოდებენ, მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან ელოდება.