საქართველოს ყველა კუთხეში ახალ წელს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. ტრადიციები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა სურვილები ყველასი ერთია - გვინდა, რომ 2023 იყოს წარმატების და ბედნიერების მომტანი. ყველა ადამიანის მთავარი სურვილი ალბათ, მაინც მშვიდობაა, რომლის გარეშეც ფასი არაფერს აქვს.
მშვიდობაზე განსაკუთრებით ფიქრობენ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ყველაზე ახლოს მცხოვრები ადამიანები. "კურიერი PS-ი" ზემო იმერეთის ბოლო წერტილში იმყოფებოდა - სოფელ პერევში, სადაც რუსული საოკუპაციო ხაზი გადის. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახლებს არ ტოვებენ. ოკუპირებულ ზონასთან ძლიერი სოფლის შესანარჩუნებლად ადგილობრივები ბევრს მუშაობენ. განვითარებულია სოფლის მეურნეობა.
სოფელი პერევი, ზემო იმერეთის ბოლო წერტილი, ადგილი, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის. მიუხედავად მუდმივი დაძაბულობისა, სოფელი პერევის მოსახლეობა ახალი წლის შესახვედრად ემზადება. აქ, ნამდვილი ახალი წელი 14 იანვარს დგება, - სოფელში ამ ტრადიციას ინარჩუნებენ და ახალ წელს ძველი სტილით აღნიშნავენ. იქამდე კი დღესასწაულისთვის ემზადებიან, ნაძვის ხეს რთავენ და ბავშვები თოვლის ბაბუას და მის საჩუქრებით სავსე ხურჯინზე ოცნებობენ, უფროსებს კი მშვიდობა და სიწყნარე სურთ.
მიუხედავად მუდმივი შიშის და დაძაბულობისა, პერევის მოსახლეობა ყოველდღიურ, მშვიდ ცხოვრებას აგრძელებს და სხვადასხვა მეურნეობას ანვითარებს. ამით, როგორც თითოეული ოჯახის, ასევე სოფლის სიძლიერეს უწყობენ ხელს.
გარდა სოფლის მეურნეობისა, მეცხოველეობა-მეფრინველეობისა, აქაურები სხვადასხვა საქმით არიან დაკავებული. პერევში კარგად განვითარებულია მეფუტკრეობა, მატყლის დამუშავება და საოჯახო სამკერვალოები. მაშინ, როცა საზღვარი იხსნება, აქ - ოკუპირებული ზონიდან მცხოვრებლები ხშირად მოდიან და მათთვის საჭირო პროდუქტებს ყიდულობენ.
სოფელში ბევრი ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ქალაქებში ახალგაზრდების მიგრაცია უცვლელ პრობლემად რჩება. ამის შესაჩერებლად და ოკუპირებულ ზონასთან ძლიერი სოფლის შესანარჩუნებლად, ისინი მთის ზონისთვის განკუთვნილი პრივილეგიებით სარგებლობენ. პერევის სკოლაში 108 მოსწავლე სწავლობს და თითოეული მათგანი, უნივერსიტეტში სწავლას უფასოდ შეძლებს.
ავტორები: ლაშა ბერძენიშვილი, ბექა მახალდიანი, ნონა მიქიაშვილი