25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს. ყველაზე მასშტაბურად ეს დღე ბეთლემში აღინიშნება, სადაც, გადმოცემის თანახმად, ქრისტე იშვა. წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნა 24 დეკემბრის ღამით, საშობაო წირვით იწყება. ასობით მორწმუნე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დღესასწაულის აღსანიშნავად ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძართან იკრიბება.
ქრისტეს შობა უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ დღესასწაულს წარმოადგენს, ამიტომაც კათოლიკე მრევლი შობისთვის 4 კვირის განმავლობაში წინასწარ ემზადება. ამ პერიოდს კათოლიკეები "ადვენტს" უწოდებენ, რაც სასიხარულო მოლოდინისთვის მზადებას გულისხმობს. ყველაზე მასშტაბურად კათოლიკური შობა ბეთლემში აღენიშნება, ვატიკანში კი წმ. პეტრეს ტაძარში, საშობაო მესას რომის პაპი უძღვება.
25 დეკემბერს შობის დღესასწაულს აღნიშნავს ქრისტიანების უმრავლესობა, მათ შორის კათოლიკეები, პროტესტანტები, აგრეთვე, ბერძენი, რუმინელი, ბულგარელი მართლმადიდებლები. ამ წლიდან კი უკრაინაში მოქმედ ეკლესიებს აქვთ არჩევანი მრევლთან ერთად, თვითონ გადაწყვიტონ როდის აღნიშნავენ შობას - 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს. შობის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები კათოლიკეებიც. ამჟამად ქვეყანაში 20-მდე მოქმედი კათოლიკური ეკლესიაა და 50 ათასზე მეტი კათოლიკე ცხოვრობს.
"კურიერი P.S." ესტუმრა სოფელ ხიზაბავრას, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.
ავტორი: გიორგი ქორქია