27 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ზუსტად 45 წლის წინ, საქართველოს საპატრიარქოს ტახტზე ილია შიოლაშვილი ავიდა - პატრიარქობის 45 წელი "კურიერი PS-ის" რეპორტაჟში

პატრიარქობის 45 წელი "კურიერი PS-ის" რეპორტაჟში - 25 დეკემბერი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღია.

1977 წელი, 23 დეკემბერი - საღამოს 19 საათზე წმინდა სინოდი საგანგებოდ შეიკრიბა. ამ უნიკალურ კადრებს, არქივი ინახავს. გარდაიცვალა პატრიარქი დავით მეხუთე დევდარიანი. მოსაყდრე მას დასახელებული არ ჰყავდა. წმინდა სინოდს უნდა გადაეწყვიტა, ვინ გახდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.

სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეთორმეტე ადგილობრივ კრებაზე იწყება ფარული კენჭისყრა. მიტროპოლიტ ილიას ირჩევენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. მას ილია II ეწოდა.

ილია შიოლაშვილი პატრიარქის ტახტზე 43 წლის ასაკში ადის. პატრიარქად არჩევიდან ორ დღეში სვეტიცხოვლის ტაძარში ილია მეორის აღსაყდრება უნდა შესრულებულიყო.

როდესაც ილია მეორე პატრიარქი გახდა, საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია უმძი­მეს მდგო­მა­რეო­ბა­ში იყო. ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად კრძალავდა რელიგიას. იხურებოდა ეკლესიები, სასულიერო პირებს აძევებდნენ მონასტრებიდან. ადამიანებს, ვისაც ღმერთის სწამდა, ლოცვა მალულად უწევდა. ილია მეორემ ეკლესიის სათავეში ჩადგომის პირველივე დღიდან ეტაპობრივად დაიწყო პრობლემების მოგვარება.

ილია მეორის ავტორიტეტი ნელ-ნელა იზრდებოდა. იზრდებოდა ეკლესიაში მისული მრევლის რიცხვიც. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები.

ხალხის ეკლესიისადმი ინტერესი ხელისუფლებას აღიზიანებდა. კომუნისტი მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რომ ადამიანებში რწმენა მოეკლა. თუმცა, ახალგაზრდების შეკავება ხელისუფლებას უკვე გაუჭირდა. ილია II მტკიცე იყო ეპარქიების აღორძინების და ახალი მღვდელმთავრების კურთხევის საქმეში, ამიტომ ის არ ითვალისწინებდა ოფიციალური ხელისუფლების ე.წ. რეკომენდაციებს.

ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. ილია მეორე ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდიდა ეკლესიის ავტორიტეტს. პატრიარქი კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე იყო.  პრაქტიკულად, არცერთი ქვეყანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას არ ცნობდა. ილია მეორემ დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები მსოფლიო პატრიარქთან. ილია მეორე რამდენჯერმე გაემგზავრა საქართველოს ფარგლებს გარეთ შეხვედრებისთვის.

რამდენიმე წლიანი მოლაპარაკების შემდეგ, ქართულმა ეკლესიამ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის აღიარების სიგელი მიიღო.

ამის პარალელურად, ილია მეორე ცდილობდა აღედგინა საუკუნოვანი ეკლესია მონასტრები. მრევლის დახმარებით, შენდებოდა ახალი ტაძრები. მძიმე 90-იან წლებში ეკლესია ბევრი ადამიანისთვის იმედის მომცემი იყო. ჯერ კიდევ 1989 წელს, პატრიარქს გაუჩნდა იდეა, საქართველოს დედაქალაქში აშენებულიყო ყველაზე დიდი ტაძარი, რომელიც იქნებოდა თანამედროვე ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელშიც ქართული ეკლესიათმშენებლობის დღემდე არსებული ყველა ტრადიცია იქნებოდა დაცული.

შეირჩა ელიას გორა. 1995 წელს ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. 9 წლიანი მშენებლობის შემდეგ კი საქართველოს კიდევ ერთი ტაძარი შეემატა. სამების საპატრიარქო ტაძარში გამართულ პირველ წირვაზე ათასობით ადამიანი მივიდა. 

აჟღერდა გალობა. ტაძარში შეკრებილი მრევლი ერთხმად გალობდა. ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში დააბრუნა ქართული საგალობლები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახებოდა.

პატრიარქის საგალობლებს შორის არის "დავიღალე უფალო", საგალობელი, რომელიც ილია მეორემ თბილისის ერთ-ერთ ტაძარში დაწერა. ზუსტად მაშინ, როდესაც ეკლესია განსაცდელში იყო.

ცხინვალის სოფლებში ჩავიდა ილია მეორე 2008 წლის აგვისტოში. სწორედ სასულიერო პირების მეშვეობით მოხერხდა დაღუპული სამხედროების გადმოსვენება, რაზეც ოკუპანტი ხელისუფლება უარს აცხადებდა.

როდესაც ილია მეორე პატრიარქი გახდა, საქართველოში 50 ეკლესია ფუნქციონირებდა, წირვა ლოცვას რამდენიმე ათეული სასულიერო პირი აღავლენდა. დღეს ღვთისმსახურება 2 000-ზე მეტ ეკლესიაში სრულდება, მოქმედებს 46 ეპარქია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პატრიარქი სისტემატურად ვეღარ ახერხებს წირვის ჩატარებას. მის ქადაგებებს მრევლი, ყოველთვის განსაკუთრებულად ელის. 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 90 წელი შეუსრულდება.

დღის ამბები