წინასაახალწლო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება - რეგიონებსა და ქალაქებში ეწყობა სადღესასწაულო სივრცეები, მოედნები ბავშვებისთვის და სახალისო აქტივობები ანიმატორების მონაწილეობით. რეგიონებში იმართება კონცერტებიც. მთავარი ნაწილი კი ნაძვისმხის ანთება და ფოიერვერკია.
"ახალი წლის დღეები საქართველოში" - საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო ღონისძიებები დაიწყო. ცოტა ხანში, საახალწლო ნაძვის ხე აინთება დუშეთის ცენტრში, მანამდე კი აქ უკვე გაიხსნა საშობაო ბაზრობა - ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო გასართობი სივრცე ბავშვებისთვის. დღის ბოლოს სტუმრების განწყობაზე ჯგუფი "მგზავრები" იზრუნებს.
საახალწლო ქარავანს დღეს ხარაგაულმაც უმასპინძლა. მთავარი ღონისძიება საბავშვო კონცერტით გაიხსნა. პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ საახალწლო ინსტალაციები, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ, ხარაგაულში გალა კონცერტი და საახალწლო ფოიერვერკი იქნება.
მთავარი ნაძვის ხის ანთებას ელოდება ახალციხე. ქალაქში უამრავი საახალწლო დეკორაციაა. აქაც ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს. ანიმატორები ბავშვებისა და სტუმრების გართობაზე ზრუნავენ.
ხვალ საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილია დმანისი, ახალქალაქი, წალენჯიხა და ხონში.
საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 63 ქალაქსა და დაბა ბაკურიანში ჩატარდება. საზეიმო ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს.
ავტორი: მარიამ ქუმსიშვილი