"ახალი წლის დღეები საქართველოში", - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის 63 ქალაქში მოეწყობა. საახალწლო ღონისძიებები დღეს ბოლნისში, ნინოწმინდაში, ოზურგეთში, მესტიასა და ქუთაისში გაიმართა. 13 იანვრის ჩათვლით, ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე აანთეს ცოტა ხნის წინ. გაიმართა გრანდიოზული გალა კონცერტი. მანამდე კი, საშობაო ბაზრობა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართა. პატარებს მთელი დღის განმავლობაში, ტკბილეულითა და საჩუქრებით უმასპინძლდებოდა სანტა კლაუსი.
მთავარ მოედანზე ნაძვის ხე უკვე აინთო ოზურგეთშიც. დღისით კი თეატრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ხელნაკეთი და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
საახალწლო ნაძვის ხე ყველა დიდ ქალაქში აინთო. სადღესასწაულო კვირეულმა სვანეთიდან აიღო სტარტი. მესტიაში გასართობი ღონისძიებები ყველა თაობის ადამიანისთვის იყო გათვლილი.
14 საათზე დაიწყო წინასაახალწლო ზეიმი ბოლნისში. სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ, თოვლის ბაბუამ საჩუქრები დაარიგა. მოეწყო საკარნავალო მსვლელობა. დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ბოლნისის მსგავსად, ფოიერვერკით და კონცერტით დასრულდა დღევანდელი დღე ნინოწმინდაშიც.