27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ხმაური საკრებულოებში - სიტყვიერი დაპირისპირება, ჩხუბი და ბოიკოტის ფონზე დამტკიცებული ბიუჯეტები

სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოში სხდომის გახსნისთანავე დაიწყო. "ქართული ოცნების" უკმაყოფილება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოსვლებმა და რეპლიკებმა გამოიწვია. სააკაშვილის გათავისუფლება ექსპრეზიდენტის გუნდის წევრების მთავარი მოთხოვნა იყო. დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შესაბამისი ბანერიც გამოფინეს. პოზიციის დაფიქსირების და კამათის შემდეგ კი სხდომა დატოვეს.

დედაქალაქის საკრებულოსგან განსხვავებით, ოზურგეთში სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სააკაშვილის გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა საპასუხოდ ოპონენტებს ფოტოებით შეახსენეს ექსპრეზიდენტის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები. დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა სხდომა დატოვეს. ოზურგეთის ბიუჯეტი მათ გარეშე დამტკიცდა.

ოზურგეთის მსგავსად, საკრებულოს სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს გორშიც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიზეზად ამ შემთხვევაშიც ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის აუცილებლობა დაასახელეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს. გორის 2023 წლის ფინანსური დოკუმენტიც ოპოზიციის გარეშე მიიღეს.

დღეს დამტკიცდა რუსთავის ბიუჯეტიც. საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს, თუმცა ფინანსურ დოკუმენტს მხარი ოთხივე პარტიამ დაუჭირა. 

2023 წლის ბიუჯეტი საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დამტკიცებულია.

დღის ამბები