27 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ძმებ კაკულიების საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება - დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლიეს მტკიცებულებები, მათ შორის იარაღი, რომელიც გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული

ძმებ კაკულიების საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება - დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლიეს მტკიცებულებები, მათ შორის იარაღი, რომელიც გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული და რომელიც კაკულიების დაკავების დროს ამოიღეს. ამასთან გამოჰკითხეს ბრალდების მხარის მოწმეები. საქმე ეხება არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ თავდასხმას - გამოძიება ძმებს სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავება.

გურამ და დავით კაკულიების ადვოკატის, მარიამ შათირიშვილის მტკიცებით, ჩაფხუტით ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მტკიცდება, რომ საქმის ოქროს მოწმის ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება.

"მოვარგეთ აღნიშნული ჩაფხუტი, გვაინტერესებდა, რომ სასამართლოს შეეფასებინა რამდენად რეალური იყო ამ ოქროს მოწმის ჩვენება. ძალიან თვალნათელი იყო სასამართლოსთვისაც და დარბაზში დამსწრეთათვისაც, რომ გარდა თვალების და ცხვირის ნაწილის აწეულ ჩაფხუტში არაფერი არ ჩანს. შესაბამისად, ის ამოცნობა, ბრჭყალებში, რითაც ბრალდებულია გურამ კაკულია, ანუ ოქროს მოწმის ჩვენება, გახლავთ უბრალოდ ტყუილი," - აცხადებს შათირიშვილი.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის თქმით, გამოკვლეულ იქნა "SIG Sauer"-ის ფირმის პისტოლეტი, რომელიც ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული და რომლის უკანონო შეძენა-შენახვასაც ბრალდება ძმებ კაკულიებს ედავება.

"მტკიცებულების სახით იქნა გამოკვლეული ორივე ჩაფხუტი, ანუ ის ჩაფხუტები, რომლითაც ბრალდების მხარის მტკიცებით და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვაცხადებთ რა თქმა უნდა ამას, გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები. "SIG Sauer"-ის იარაღი, როგორც არაერთხელ განვმარტეთ და საქმის მასალებით ირკვევა, არის რეგისტრირებული ზურაბ ჟვანიას სახელზე. ეს არის იარაღის რომლის მართლსაწინააღმდეგო შეძენას და შენახვას ვედავებით ორივე ბრალდებულს," - აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები