წალენჯიხის ბაღების სააგენტოს უფროსმა აპარატის თანამშრომლებზე 100 პროცენტიანი პრემია გასცა. ფაქტს აპროტესტებენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც რეფორმის შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს. მაშინ მიზეზად ოპტიმიზაცია და თანხების დაზოგვა დასახელდა. სამი თვის წინ 37 თანამშრომელი დაითხოვეს.
გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ისინი დაუსაბუთებლად გაუშვეს სამსახურიდან.
ბაღის გათავისუფლებული თანამშრომლები მათ სამსახურიდან გაშვებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ.
„უსამართლობაა ეს ყველაფერი. არც არანაირ პირობას მაძლევენ, რომ დამაბრუნებენ, არც კანონი აქვთ დარღვეული ამასაც არ ამბობენ. მე ვიყავი ქართული ოცნების კოორდინატორი და ალბათ ამის საფუძველზე გამიშვეს,“ - ამბობს ბაღის გათავისუფლებული თანამშრომელი, სოფიო ლუკავა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლანა შენგელია ამბობს, რომ 17 თანამშრომელი, რომელთაც პრემიები დაერიცხათ, მაქსიმალური დატვირთით მუშაობდნენ.
"პოლიტიკური მოტივით ერთ ადამიანს ვერ იპოვით, ვინც გათავისუფლდა. აბსოლუტურად სამართლიანი მიდგომა იყო ყველასთან მიმართებაში. ეს პროცესი არის დასალაგებელი. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა მობრუნდნენ. როგორც კი მოგვწცემა მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა, რომ დავალაგოთ სტრუქტურა. გაიცა 13 ათასი ლარის პრემია ადმინისტრაციის 17 თანამშრომელზე, რომლებიც მაქსიმალური დატვირთით მუშაობდნენ. ეს ადამიანები იმსახურებენ წახალისებას და არ არის დიდ თანხაზე საუბარი. ეს თანხა არის მიზერული. 13 ათასია რის ერთი თანამშრომლის წლიური ხელფასი.“ - აცხადებს ლანა შენგელია.