რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას მიაწოდოს საზენიტო-სარაკეტო სისტემები, კონფლიქტს ახანგრძლივებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით რუსეთის მიზანი უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაა.
"პატრიოტის" საზენიტო-სარაკეტო სისტემები საკმაოდ მოძველებულია და არ მუშაობს ისე, როგორც ჩვენი S-300 სისტემა. ჩვენი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს ვითომ თავდაცვითი იარაღია. გასაგებია, ჩვენ ამას მხედველობაში მივიღებთ, შხამის საწინააღმდეგო ყოველთვის მოიძებნება. ამიტომ, ვინც ამას აკეთებს, ამაოდ აკეთებს.
ეს მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებაა და მეტი არაფერი. ჩვენი მიზანია ამ კონფლიქტის დასრულება, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და გავაგრძელებთ სვლას. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დასრულდეს და რაც უფრო მალე, მით უკეთესი. ყველა შეიარაღებული კონფლიქტი მთავრდება მოლაპარაკებებით, დიპლომატიური გზით. ჩვენ მოლაპარაკებებზე არასდროს გვითქვამს უარი,"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.