რუსთავში, სადაც დღეს სამ სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა. მოქალაქეები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია., არსებული ინფორმაციით, კორპუსი ავარიული იყო და მისი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. შენობის პირველი სართულიდან მოსახლეობა უკვე გაყვანილი იყო, ხოლო დაშავებული ორი მოქალაქე კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობდა.
"მოსვლისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ ნანახი იქნა ნანგრევებში მოყოლილი 40 წლამდე მცხოვრებელი, გამოყვანილი იყო დაჟეჟილობით. ამ დროის ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილი არავინ არ უნდა იყოს. კინოლოგიური სამსახური ადგილზეა, ასევე მეხანძრე-მაშველები და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი," - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, რომელმაც თქვა, რომ ამ ეტაპზე კორპუსი სრულად დაცლილია და მუნიციპალიტეტი ოჯახების სასტუმროში გადაყვანას უზრუნველყოფს.
"მიმდინარეობდა კორპუსის რეაბილიტაცია-გამაგრება, რა დროსაც მოხდა ეს ფაქტი. მსხვერპლი ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, არ არის. ის ადგილი, რომელიც ჩამოინგრა, იყო ყველაზე მეტად დაზიანებული. ამ ადგილიდან გაყვანილი იყო ოჯახი მუნიციპალიტეტის მხრიდან ქირით. სრულად დაცლილია კორპუსი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მათ სასტუმროში გადაყვანას," - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.