თელავი, მცხეთა და ზუგდიდი - სამივე ქალაქში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ცენტრალურ მოედნებზე უკვე დამონტაჟდა საახალწლო ინსტალაციები და დაიდგა ნაძვის ხეებიც. მზადება მიმდინარეობს საშობაო ბაზრისთვის საჭირო სპეციალური ხის სახლების მოსაწყობადაც, სადაც 24 დეკემბრიდან ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია გასაყიდად გამოიტანონ.
ახალი წლის აღსანიშნავად მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 63 ქალაქი ემზადება, მოქალაქეებისთვის კი სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად 50 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. ორი კვირის განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი, განსაკუთრებული ყურადღება კი საბავშვო სივრცეებს დაეთმობა სადაც პატარებს თოვლის ბაბუასთან შეხვედრის შესაძლებლობაც ექნებათ.
"ახალი წლის დღეები საქართველოში" - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ტარდება, რომელმაც უკვე ტრადიციული სახე მიიღო და წელსაც, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. საქართველოს 63 ქალაქში, 24 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყობა. წელს ღონისძიებები დაბა ბაკურიანშიც გაიმართება.
საახალწლო ნაძვის ხე რამდენიმე რეგიონში უკვე აინთო. თითოეულ მუნიციპალიტეტში ახალი წლის დღე, კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.