27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ზელენსკის ისტორიული სიტყვა ამერიკის კონგრესის წინაშე - რა სამხედრო დახმარებით ბრუნდება უკრაინის პრეზიდენტი სამშობლოში

ისტორიული შეხვედრა, რომელიც ომის დაწყებიდან 300 დღის შემდეგ შედგა - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშობლო პირველად დატოვა და ვაშინგტონში ჩავიდა. არაფორმალურად, ხაკისფერ სამოსში ჩაცმულ უკრაინის მთავარსარდალს, თეთრ სახლში პრეზიდენტმა ბაიდენმა და პირველმა ლედიმ უმასპინძლეს. შეხვედრამ ოვალურ კაბინეტში გადაინაცვლა, სადაც ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას უკრაინელი მებრძოლების მადლობა, წერილი და გმირის ორდენი გადასცა იმ სამხედრო დახმარებისთვის, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უწევს.

პუტინის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის და ზელენსკი ვაშინგტონისგან მორიგ სამხედრო დახმარებას იღებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თითქმის 2 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი, "პეტრიოტის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს. სარაკეტო სისტემებს უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და მას კიევი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.

თეთრი სახლიდან პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონგრესში გადაინაცვლა. საკონმდებლო ორგანოში გამოჩენისას, მას ოვაციებითა და ცრემლებით შეხვდნენ. 25 წუთიანი გამოსვლა ხანგრძლივი ტაშით 21-ჯერ შეწყდა.

ეს მსოფლიო ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როდესაც კონგრესმენებს ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა მიმართ, პირველი ჩერჩილი იყო. სწორედ მეორე მსოფლიო ომი გაახსენა ამერიკელებს ზელენსკიმ იმის მაგალითად, რომ უკრაინის დახმარება უსაფრთხოებაში ინვესტიციაა და არა ქველმოქმედება.

უკრაინის პრეზიდენტს ვაშინგტონში ბახმუტელმა მებრძოლებმა დროშა გაატანეს. სიმბოლური იყო საჩუქარი, რომელიც საპასუხოდ მიიღო - ნენსი პელოსიმ უკრაინის პრეზიდენტს კაპიტოლიუმის გუმბათზე აღმართული დროშა გადასცა. მას ზელენსკი უკრაინაში ჩაიტანს, როგორც ამერიკა-უკრაინის უპირობო მეგობრობის სიმბოლოს. 

დღის ამბები