კასპის მუნიციპალიტეტში ქონებრივ დავას საზარელი მკვლელობა მოჰყვა. სოფელ ნოსტეში 73 წლის ქალი საკუთარმა მაზლმა სანადირო თოფით მოკლა. 83 წლის გიორგი გაბოძე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
ადგილობრივები "კურიერთან" დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ. სოფელში ამბობენ, რომ ხანდაზმულმა მამაკაცმა რძალი სადავო მიწის ნაკვეთის გამო მოკლა. ირკვევა, რომ ბრალდებული 73 წლის ქალს სისტემატურად ემუქრებოდა. ქალი კი, რომელსაც მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს, ოჯახის საერთო ქონებიდან წილს ითხოვდა. შემთხვევაც სწორედ ქონების გამიჯვნის დროს მოხდა. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.
მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება. პოლიციამ უკვე ამოიღო მკვლელობის იარაღი და დანაშაულის სხვა მტკიცებულებები. სამართალდამცველებს ჩვენებებს აძლევენ მოკლულის და ბრალდებულის ოჯახის წევრებიც.
ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 83 წლის გიორგი გაბოძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.