მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დატოვა ყოფილი პრეზიდენტის დედამ. გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მის შვილს დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა მას შემდეგ აღარ მიეცა, რაც მან გადაწყვიტა, რომ პროცესზე უკრაინულ ენაზე საუბარი გადაწყვიტა.
გარდა ამისა, გიული ალასანიამ ამერიკელ ექსპერტ ერიკ დევიდ გოლდ სმიტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა.
"მიხეილმა გადაწყვიტა, რომ უკრაინულ ენაზე მიმართოს უკრაინელებს. უკრაინის მოქალაქეა ჩემი შვილი და უკრაინა კიდევ იბრძვის. მნიშვნელოვანი მომენტია და ალბათ უნდოდა ორი სიტყვა ეთქვა უკრაინულად. ეს აუკრძალეს და დახურეს. ჩემთვის ეს მოწმე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, იმიტომ რომ ამერიკიდან ჩამოვიდა ადამიანი საგანგებოდ მეორედ. 200-ზე მეტი ტესტი ჩაუტარა და დასვა ძალიან სერიოზული დიაგნოზები. ამიტომ, ადვოკატმა როგორც ჩანს, ჩათვალა რომ მნიშვნელოვანია მისი დაკითხვა," - აცხადებს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, რომ უკვე შვიდი საათია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სარჩელი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ეხება. პროცესზე ექსპერტმა ერიკ გოლდ სმიტმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზზე და თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა აქვს.