27 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება მაღალი დონის სტრესი, ეს არის სწრაფად პროგრესირებადი ტიპის დემენცია" - ექსპერტი ერიკ დევიდ გოლდ სმიტი

უკვე შვიდი საათია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს - სარჩელი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ეხება, ბოლო რამდენიმე საათია კითხვებს ამერიკელი ფსიქიატრი პასუხობს.

რიკ გოლდ სმიტმა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ დიაგნოზზე ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს. ექიმმა ჩვენების მიცემისას უპასუხა კითხვებს სიმულაციის ალბათობის შესახებაც. 

"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღესაც მძიმეა, ეს მდგომარეობა შეიძლება უფრო გართულდეს და უბრალოდ ის შეიძლება მოკვდეს. მას შემდეგ, რაც ის ციხიდან იქნება გაყვანილი, უნდა გადაიყვანონ შესაბამისი კვალიფიკაციის კლინიკაში დასავლეთში, რათა მოხდეს მისი სხვა თანმხლები დაავადებების შეფასება და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა პოსტ ტრავმულ სტრესულ აშლილობასთან დაკავშირებით," - ამბობს ერიკ დევიდ გოლდ სმიტი.

ექსპერტს მიხეილ სააკაშვილის მდგომარობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა, რაზეც ერიკ დევიდ გოლდ სმიტმა აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება მეხსიერების დაკარგვა, როგორც ყველა დემენციის პაციენტს.

"მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ მას აღენიშნება მეხსიერების დაკარგვა, როგორც ყველა დემენციის პაციენტს. მას აქვს შესანიშნავი მეხსიერება წარსულთან დაკავშირებით. მას აქვს ახალი ინფორმაციის შესწავლის პრობლემა. მისი აზროვნების უნარი არის ძალიან შენელებული და ხანდახან დაბნეულიც არის. მისი გარეგნობა ძალიან შელახულია. ის მოუვლელია. მისი ფრჩხილები არის დასაჭრელი. ეს არის დემენციის სიმპტომები. ის ავლენს სისუსტეს. სიარულის პრობლემა აქვს, წონაც დაკარგა. ძალიან მძიმე იყო მისთვის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან მან ის დააარსა მისი პრეზიდენტობის დროს. იქ იყო მუქარები. ეშინოდა სიცოცხლის მოსპობის. მას აღენიშნება მაღალი დონის სტრესი. ეს არის სწრაფად პროგრესირებადი ტიპის დემენცია," - ამბობს ერიკ დევიდ გოლდ სმიტი.  

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კითხვაზე - აქ ჩამოთვლილი რომელიც იყო, შენელებული აზროვნება, მეხსიერების პრობლემა, ამ ქმედებების სიმულირება შეუძლია თუ არა ადამიანს, რომელსაც არ აქვს რაიმე სახის ფსიქიატრიული პრობლემა, სმიტმა აღნიშნა, რომ "შენელებული აზროვნების და მეხსიერების სიმულირება შესაძლებელია."

დღის ამბები